ავტორი:

"ვისი უფლებები დაირღვა? ადამიანმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ის თავის მეგობრებზე საუბრობდა" - კალაძე სამგორის გამგებლის განცხადებაზე

"ვისი უფლებები დაირღვა? ადამიანმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ის თავის მეგობრებზე საუბრობდა" - კალაძე სამგორის გამგებლის განცხადებაზე

თქვენი არაფერი არ დაიჯერება, თქვენ ხართ ფარისევლები, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, იგეგმება თუ არა სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის სამსახურიდან გათავისუფლება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთი მედია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. თბილისის მერმა ამის არგუმენტად მაგალითი მოიყვანა.

"არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ასეთი სტატუსები, ასეთი განცხადებები გაღიზიანებთ. გაღიზიანებთ? მოგწონთ? რატომ არ იღებთ ხმას მაშინ? ზოგადად, ოპოზიციურ მედიაზე ვსაუბრობ, ახლავე შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ, არცერთი განცხადება თქვენი მხრიდან არ მოგვისმენია. თქვენ არანაირი რეაქცია არ გქონიათ. ერთხელ თუ გამოსულხართ რომელიმე და დაგიგმიათ, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები და თქვენი არაფრის მჯერა. თქვენი არაფერი არ დაიჯერება, თქვენ ხართ ფარისევლები“,-მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განმარტება, რომ ის თავის მეგობრებზე საუბრობდა.

"ვისი უფლებები დაირღვა? ადამიანმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ის თავის მეგობრებზე საუბრობდა. იხელმძღვანელეთ იმით, რაზეც გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავაკეთე განცხადება, შეგიძლიათ ჩემი კომენტარი გამოიყენოთ, რაც გუშინ გავაკეთე და დღესაც მთავრობის სხდომაზე“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფლად მოიხსენია.

„იქ ვინც მივიდა, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-რები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - დაწერა სამგორის გამგებელმა.