ავტორი:

"გაოგნებული ვარ! მინდა, ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს

"გაოგნებული ვარ! მინდა,  ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსლეში ნეგატიური გზავნილები გააგზავნა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღით გაოგნებულია და სურს, ბრიუსელში "სხვა გზავნილები გააგზავნოს".

"მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტმა დღეს აჩვენა დაპირისპირება და ერთმანეთის გაუტანლობა.

"სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში. რაც პარლამენტში დავინახე, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ აჩვენა. თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველამ ერთად წლის ბოლომდე ყველა გზავნილი, რაც საქართველოს მიმართაა, უნდა შეასრულოს.

"როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება); მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყველა ერთად არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მე მგონი მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით, და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, რომ აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს.

შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ მე დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული პლატფორმა და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ხელმძღვანელები, მონიტორები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ, ის, რაც არის უზარმაზარი შანსი საქართველოსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: