ავტორი:

"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?

"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში პარლამენტში, ტრადიციულად, წინა ხელისუფლების მმართველობის წლების მიმოხილვას დაეთმო. მის გამოსვლას და პირველივე წინადადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებას დიდი გამარჯვება უწოდა. ამ წინადადებას მოჰყვა ქაოსი და ოპოზიციის შეძახილები: "მოღალატე, მონა". იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა პოლარიზაციის შემცირება, გუშინდელი მოვლენა ამ კუთხით არც ერთი მხრიდან ვერაფერი იმედის მომცემი გამოდგა.

პრემიერის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედება მისი გამოსვლის ჩაშლას ემსახურებოდა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ოპოზიციიდან უნდა დაიწყოს, ბიძინა ივანიშვილი კი ხელშეუხებელი იქნება, ვინაიდან ის არ არის ოლიგარქი. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსის არმინიჭებით ევროკავშირი იმის გამო გვსჯის, რომ "ომში ვერ ჩაგვითრიეს".

  • დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის რიტორიკას გამაოგნებელი უწოდა.

"მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს. როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება);

მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები და ამას გავაანალიზებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ჩვენს მიმართ ყველა გზავნილი".

პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დიდი მღელვარება მოჰყვა.

"დღეს ღარიბაშვილს ეგონა, რომ არასამუშაო საათებში გამოდიოდა", - იხუმრა "ფეისბუკში" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რომელიც ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ Ambebi.ge-სთან ასკვნის, რომ ეს ხელისუფლება არანაირი პირობების შემსრულებელი არაა და საბოლოო გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.

"წინასწარ ვიცოდი, რას ილაპარაკებდა. რასაც მოველოდი, ის იყო - ბოდვა სიძულვილის ენაზე და როცა ყველაფერი ცუდად არის, იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად და შესანიშნავადაა. მას იმდენად ბრიყვად მიაჩნია ყველა, რომ გამარჯვებად ასაღებს ევროკომისიის დასკვნას.

ეს იმას ნიშნავს, ტორტი რომ შეუკვეთე და ტორტის ყუთი მოგივიდა, შენ კი ოჯახს ახარებ - აი, ტორტის ყუთი ხომ მოგივიდათ და ჭამეთ ახლა ეს ყუთიო. რატომღაც, ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამას ვინმე ნორმალურად აღიქვამს. ბრიუსელში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დღეს აქ რაც უნდა მომხდარიყო, არაფერს შეცვლიდა. ნუ გვექნება იმის იმედი, რომ რაღაცას კიდევ გავაკეთებთ და ევროსაბჭო რამეს შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პოზიტიური მაინც შეუძლია გააკეთოს, ხომ? პრემიერის ამ გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ხელისუფლება არანაირი პირობების შემსრულებელი არაა.

რა გააკეთა ღარიბაშვილმა იმის მეტი, რომ ნაცებს აგინა და მერე ნაცებმა აქეთ აგინეს? ეს არის კლასიკური პოლიტიკური იმპოტენცია - როცა არაფერი შეგიძლია, შენი უნიათობა ვიღაცას უნდა დააბრალო. თურმე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადავუსწარით... კარგით, რაა. ვირტუალური წარმატების სურათების შექმნაში მიშა ამაზე ბევრად მაგარი იყო. ჩვენ ახლა ვუყურებთ იმავე მიშას, ოღონდ, უხარისხო შესრულებით.

პრეზიდენტის გამოხმაურებაზე რა კომენტარი გავაკეთო? პრეზიდენტმა ვეტო დაადო მოსმენების კანონს, ისიც ხომ კახელია და კახურად გაბრაზდა, ახლა ის კახური ვეტოების დადებას დაიწყებს.

ღარიბაშვილის გამოსვლის დეტალებში შესვლას აბსოლუტურად არ აქვს აზრი, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბოღმით გაჯერებული ბოდვა და რა ილაპარაკა კონკრეტულად ამ პერსონამ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩემი ინტერესის სფეროს სცილდება. არანაირი შინაარსი ამაში არ არის, მაგრამ ღარიბაშვილი ეგ არის, რაც არის.

ჩემი მხრიდან საკუთარი თავის შეურაცხყოფა იქნებოდა კომენტარების კეთება ისეთ ადამიანზე, როგორიც ღარიბაშვილია. პრემიერი მიზანმიმართულად იქცევა ასე, სიბრიყვით მოსდის, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტით, რა მნიშვნელობა აქვს?

ფაქტია, რომ პრემიერი ამით ქვეყანას აზიანებს. ამათ რომ არ უნდათ ევროპა, ერთია, მაგრამ ხალხსაც არ უნდა? ხალხს ხომ უნდა? ხალხს თუ უნდა, მაშინ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხელისუფლების წყარო ხალხია. პირდაპირი დემოკრატია მუშაობს ასე: ხალხი ქირაობს ხელისუფლებას იმიტომ, რომ მისი ნება აღასრულოს. ხელისუფლება ხალხის ნებას თუ აღარ ასრულებს, ხალხი ასეთ ხელისუფლებას უშვებს სახლში და მოჰყავს ისეთი, რომელიც მის ნებას აღასრულებს. ასე მუშაობს დემოკრატია. ამას მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გავაკეთებთ,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.