ავტორი:

"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას

"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას

ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „კრიმინალური წარსული, აწმყო და მომავალი აქვს“.

"ცხონებულის [აკერმანის] მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. თქვენ რომ მონაწილეობდით ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობო მოძრაობებით.

თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის. არანაირი ფორმით არ ჰგავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა, ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი გცხიათ ევროპულობის და ვერანაირ წვლილს შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა თუ სადმე გვაქვს ჩვენ უკუსვლა, ერთადერთი არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც გამოსწორდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის საკითხს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს.

"თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ დასკვნაში - ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ, რადგან ეს არის მაკრონის სიტყვები, რომ უკრაინას მაგალითად ომის გამო აძლევენ კანდიდატობას, მაშინ როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. სირცხვილი მე გეტყვით რა არის - როცა იომებ და მაპ-საც არ გაღირსებენ, ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი.

მთელი ამ 1 თვის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ კითხვარის შევსება, თქვენ აწარმოებდით ანტიევროპულ, ქვეყნის და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას. ერთხელ ვერ ამოგაღერღვინეთ სიტყვები, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას. ეს არის ძალიან პრინციპული რამ - ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება, როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას - ქვეყანა ან იმსახურებს, ან არ იმსახურებს კანდიდატობას. მთელი ეს პერიოდი თქვენ დადიხართ ევროკავშირის დერეფნებში და კაბინეტებში და ყველას უმტკიცებთ, რომ საქართველო კანდიდატობას არ იმსახურებს - რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ომის და ღალატის პარტია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ ვიდეო: