ავტორი:

"მოსკოვში მთავაზობდნენ სამუშაოდ დარჩენას, მაგრამ მე უთბილისოდ არ შემეძლო" - თბილისელი კოლორიტის უნიკალური კოლეცია და ძველი ქალაქური ამბები: ვინ არის ალექსანდრე პირადოვი?

"მოსკოვში მთავაზობდნენ სამუშაოდ დარჩენას, მაგრამ მე უთბილისოდ არ შემეძლო" - თბილისელი კოლორიტის უნიკალური კოლეცია და ძველი ქალაქური ამბები: ვინ არის ალექსანდრე პირადოვი?

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ასე მიაჩნიათ ქალაქელებს, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, "კარენოი“ ქალაქელია.. უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გაითავისო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო.

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტიც, გამორჩეული თბილისელი, ეროვნებით სომეხი, კოლორიტი ბატონი ალექსანდრე პირადოვია. ის თბილისში, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. ბავშობიდანვე გატაცებული იყო ხელოვნებით. 1980 წლიდან დაიწყო ძირითადად თბილისელი, განსაკუთრებით სომეხი მხატვრების ნამუშევრების შეგროვება. ალექსანდრე პირადოვის კოლექციაში დღეისათვის 200-ზე მეტი ნამუშევარია, მათ შორის: გრაფიკული ნახატები და ფერწერული ტილოები მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე. ალექსანდრე პირადოვი იყო ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მხატვრულ – მუსიკალური საღამოების, რომელსაც „პირადოვის საღამოები“ უწოდეს და ის ხელოვნების მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა.

საღამოები დიდი წარმატებით იმართებოდა თბილისში, თელავში, ერევანში, მოსკოვსა და კრაკოვში. ალექსანდრე პირადოვის კოლექციაში დაცული ნამუშევრები წარმოაჩენენ თბილისური ფერწერული სკოლის და სომხური დაზგური მხატვრობის ტრადიციებს საქართველოში, გვაჩვენებენ თუ რა ადგილი უკავია ამ მხატვართა შემოქმედებას ჩვენი ქვეყნის კულტურაში და რა მნიშვნელობა აქვთ მათ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისათვის. დღესდღეობით, ბატონი ალექსანდრეს ამ უნიკალურ კოლექციას, გალერია იარტი მასპინძლობს. ჩვენც მას იქვე ვესტუმრეთ.

- მე უკვე 40 წელიწადია ვაგროვებ ნახატებს. გრაფიკა რატომღაც ნაკლებად მქონდა, მეტი წილი ზეთს ვეტანებოდი და ზეთის კოლექცია მართლა ძალიან მაგარი მაქვს. ეს გრაფიკული კოლექცია არ მახსოვდა და როდესაც ეს ყველაფერი ერთად გამოიფინა, ძალიან მომეწონა. ეს წელი, რახან ჩემი 90 წლის იუბილეა, ამიტომ ამდენი წლის მერე თავს უფლება მივეცი და გამოვფინე ეს ჩემი ნაგროვი კოლექცია. ეხლა პირველი ეს იყო და მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი ინტელიგენტი ხალხი მოვიდა დღეს აქ. ჩერთვის ეს დღე ხელმეორედ დაბადებას ნიშნავს.

- ბატონო ალექსანდრე, ბევრისგან მსმენია - თბილისი ჩემი სახლია, აქ ყველა ქუჩა, აივანი თუ ეზო თავის ისტორიას ინახავს და ამ ისტორიის ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვარო.

- მე და მთელი ჩემი ცხოვრება არის თბილისი. იცით რა, ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავ ძველ თბილისელთან უწევდა ურთიერთობა. თბილისი იმით იყო მდიდარი, რომ აქ ეროვნებით არასდროს გამოარჩევდნენ ადამიანებს, საღი იუმორის გამო არავის სჯიდნენ და თავისი კაცური სიტყვა ყველას თამამად ეთქმოდა. მოსწრებულ ვარ ისეთ რამეს, რაც თქვენ მხოლოდ გადმოცემით იცით. ცხოვრობდი პეტრიაშვილზე. ცოტას გამოვივლდი თუ არა, „ზემელზე“ ვიყავი უკვე. უნდა გენახათ როგორი მისალმება ჰქონდათ თბილისელებს ერთმანეთის ნახვისას.

ეს იყო რიტუალი, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს გადაიღებს. ქალაქში, ზაფხულის პერიოდში ყველას ფანჯარა ღია იყო და თითქმის ყველა ამ ფანჯრიდან ან კლასიკური მუსიკის ან ქალაქური სიმღერების ხმა ისმოდა. მოსწრებული ვარ ნაღდი კინტოების სიმღერებს რესტორანში. როცა ურტყავდნენ შუბლში წითელ ათიანებს. და ამღერებდნენ. ჩვენს ეზოში ცხოვრობდნენ ქურთი მუშები, აი იცით რა მაგარი ხალხი იყო...ეჰ, სადღა არიან ესეთი ხალხი. ადრე, რუსთაველის გამზირზე ტრამვაი დადიოდა. ამ ტრანსპორტით ხშირად ვსარგებლობდით. აუყვებოდა ნელი სვლით ტრამვაი და ძნელაძის ქუჩიდან ამოდიოდა სასტუმრო „ივერიამდე“, გაივლიდა „აზარიანცის“ სახლს და მიდიოდა ვაკეში. ვის არ ნახავდით ამ ტრანსპორტში.

სახეზე იცნობდი ჯიბის ქურდებს. ამოვიდოდა სამი ტიპი, რომ შეგეხედათ პროფესორებს ჰგავდნენ. ერთს გაზეთი ეჭირა, მეორეს – ქუდი, მესამე სერიოზული იმიჯით იდგა. შეიგულებდნენ რომელიმე მგზავრს, ერთი წინ დაუდგებოდა და ელაპარაკებოდა, მეორე გაზეთს ააფარებდა მსხვერპლს, თითქოს კითხულობდა, მესამე კი ფულს ამოაძრობდა. ერთი სიტყვით, ისე კარგად და შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, რომ იაღლიში არ მოსვლიათ. ბევრმა იცოდა მათი ამბავი, მაგრამ მაინც აბამდნენ მახეში და კარგ ფულსაც აკეთებდნენ.(იცინის)

მე მოსკოვში მთავაზობდნენ სამუშაოდ დარჩენას, მაგრამ მე უთბილისოდ არ შემეძლო და მას მერე აქა ვარ სულ. ჩემი დიდი ბებიის დედა თბილისელი იყო და გავაკეთე ჩვენი გენიაგოლიის ხე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი თბილისური ფესვებით. მე თბილისი ისე მიყვარს, რომ უთბილისოდ ვერ ვცხოვრობ.

-რაიმე პატარა თბილისურ ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?

- სულ მთელი ჩემი ცხოვრება თბილისურია. მე ვატარებდი თბილისურ საღამოებს წლების განმავლობაში, რომელსაც ჟურნალისტებმა „პირადოვის საღამოები“ დაარქვა. მთელი საღამო ვიდექი ხოლმე სცენაზე და მიმყავდა. შუაში, პაუზას, რომ ეძახიან, ვყვებოდი რაიმე თბილისურ ამბავს ხოლმე, როგორც ტკბილ ამბავს. ერთს თქვენც მოგიყვებით: თბილისელი მილიონერი მელიქ აზარიანცი დიდი წუწურაქი ადამიანი ყოფილა. ის მუდამ კონკით დადიოდა, რომლით მგზავრობა სულ 3 კაპიკი ღირდა. მიუახლოვდებოდა თუ არა ქარვასლას, აზარიანცი ვატმანს თურმე ასმანეთიანს გადააწოდებდა ხოლმე. მაგის ხურდა არ მაქვსო, პასუხობდა ის და აზარიანციც ფულს მაშინვე ისევ ჯიბისკენ გააქანებდა.

ასე გრძელდებოდა თვეობით. ბოლოს თავგაბეზრებულმა კონკის პატრონებმა ხურდა ფული შეაგროვეს, დიდ ტომარაში ჩაყარეს და იმ კონკის ვატმანს მისცეს, რომლითაც მილიონერი მგზავრობდა. და როდესაც ჩასვლისას მელიქ აზარიანცს ვატმანისთვის ჩვეულებისამებრ მიუწოდებია ასმანეთიანი, იმას უსიტყოდ გამოურთმევია და მის წინ დიდი ტომარა ჩამოუდგამს. ეს რა არისო?! უკითხავს მილიონერს. თქვენი ხურდაა, 99 მანეთი და 97 კაპიკიო, მიუგია ვატმანს და გაშორებია.

კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით:

დიდებულ მსახიობებს ფრუნზიკ მკრტჩიანსა და ბუბა კიკაბიძეს აღიარება მანამდედაც არ აკლდათ, მაგრამ ფილმ „მიმინოს“ შემდეგ მათზე პოპულარული მსახიობები მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში ძნელად თუ მოიძებნებოდა. ერთხელაც ბუბა კიკაბიძემ ფრუნზიკ მკრტჩიანი თბილისში მოიწვია. ისიც ერევნიდან თავისი მანქანით წამოსულა და როგორც კი თბილისში შემოსულა, მაშინვე უმიზეზოდ გაუჩერებიათ ავტოინსპექტორებს.

ყველაფერი წესრიგში მაქვსო, უჩვენებია საბუთები მსახიობს. არა, ჩვენ უნდა წამოგვყვე, სერიოზული დარღვევა გააკეთეთო, გაჯიუტებულან ინსპექტორები. მაშინ მკრტჩიანს თავისი სახელის გამოყენება უცდია და უკითხავს:

− მე ვერ მიცანით?

− პირველად გხედავთ, − უთხრეს.

− ვაჰ! მე ფრუნზიკა ვარ, თქვენი კიკაბიძის მეგობარი!

− კიკაბიძე ვინ არის?..

მოკლედ, მილიციელებმა ფრუნზიკა თავიანთ მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს, მაგრამ სად, სტუმარს არ გაუმხილეს. ბოლოს მიადგნენ ერთ სახლს, კარი გააღეს, შევიდნენ და ფრუნზიკა გაოცებისგან გაშეშდა − ოთახში დიდი სუფრა იყო გაშლილი, მის თავში კი ბუბა იჯდა.

− ოჰ, ბუბა, შენ რა გითხარი! − ძლივს გაუღიმია მკრტჩიანს, რომელსაც გზაში ოხვრა-მოთქმა არ შეუწყვეტია. − იცოდე, ჩემთან რომ ჩამოხვალ, კაცი არ ვიყო, ერევნის შესასვლელში „კაგებე“ თუ არ დაგახვედროო...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი