ავტორი:

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება

ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის პირველი დღეა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება". ამის შესახებ შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ევროპულმა საბჭომ სულ ახლახან უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ეს ისტორიული მომენტია. დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - დაწერა შარლ მიშელმა.

როგორც მიშელი წერს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს მიშელი "ტვიტერზე" ქართულ ენაზე.