ავტორი:

"ზღვარგადასული დაახლოება რუსეთთან" - აფხაზების მწვავე გამოხმაურებები ბჟანიას მორიგ გამოსვლაზე: "პრეზიდენტს" რუსეთთან "ურთიერთობების მეტად გააქტიურება" სურს

"ზღვარგადასული დაახლოება რუსეთთან" - აფხაზების მწვავე გამოხმაურებები ბჟანიას მორიგ გამოსვლაზე: "პრეზიდენტს" რუსეთთან "ურთიერთობების მეტად გააქტიურება" სურს

მეტი სიახლოვე რუსეთთან და ურთიერთობების გააქტიურება - ეს არის ფრაგმენტი ასლან ბჟანიას მიმართვიდან, რომელიც "პრეზიდენტმა" ე.წ. პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. მისი საუბრის მთავარი აქცენტი იყო რუსეთთან თანამშრომლობის განვითარება ყველა მიმართულებით, როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

რეგიონის მოსახლეობაში აფხაზეთის ლიდერის გზავნილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბჟანიამ არგუმენტების რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა, მათ შორის არის, მსოფლიოში შექმნილი ვითარება; არასტაბილური საგარეო საფრთხეები, სამეზობლოში მიმდინარე პროცესები. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს და სწრაფი ტემპით მიიწევს ნატოში გაწევრიანებისკენ, რაც აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებული საგარეო პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის წინაშე აყენებს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბჟანიამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების რეგულარულად ჩატარებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე მიმდინარეობს და აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

"ეს მაშინ, როდესაც, გაყინული ომის ეტაპზე ვართ. ცივი ომის შემდეგ, ასეთი ტრანსფორმაცია მოხდა. ამჯერად რუსეთის დახმარებით, მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება კი არა, მთავარი მოკავშირის დახმარებით, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში საერთო სივრცის შექმნა უნდა დაიწყოს. ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა - აფხაზეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციისთვის მყარი წინაპირობები უნდა ჰქონდეს, რაც რუსეთის ინიციატივისა და მისი მტკიცე მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია" - განაცხადა ბჟანიამ.

რეგიონის მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, ისინი უკვე შეაგუეს იმას, რომ თავად ვერაფერს შეცვლიან, საფრთხე მუდმივად არსებობს და ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ რუსეთთან, ფაქტობრივად, გადაჯაჭვული საკანონმდებლო ბაზით, ეკონომიკური და სოციალური პროექტებით, ტურიზმის, ვაჭრობის, მრეწველობის მიმართულებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პროგრამებით, რათა რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა და ინტერესი ჰქონდეს აფხაზეთის წინაშე.

მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა, ფსოუს საზღვარს რუსი ტურისტები მოაწყდნენ.

"ძალიან დიდი რიგი წარმოიქმნა, რაც ორივე მხარეს, როგორც აფხაზეთს, ასევე რუსეთს აზარალებს და საზღვრის გაუქმება ძალიან დროული იქნებოდა... " - წერს ადგილობრივი ლეილა ჩანბა.

"ძალიან მარტივად, ფაქტობრივად, ზედაპირზე ჩანს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა - საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის ზღვარგადასულ დაახლოებას აპროტესტებს, მათ ეშინიათ, თუნდაც სამხრეთ ოსეთის მაგალითზე, რომელიც ყველანაირად მიერთებულია რუსეთს. გუშინ მათ უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ახალგაზრდა მოხალისე დაკრძალეს და კიდევ ბევრს დაკრძალავენ, რადგან ზოგი მართლა ენთუზიაზმის გამო მიდის, ზოგიც ვალდებულია მათ წინაშე... ასე გაგრძელდება თუ რამე არ შეცვალეს. ჩვენ კი, უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა რის ფასად, რას გვთხოვს ჩვენი ხელისუფლება თავისი სისუსტის გადასაფარად და ჩვენ რას ვთმობთ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი გული ტანია.

"30 წელი გავიდა და ადამიანს, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტს წერს, ვერანაირად ვერ ცვლიან" - ირონიულად ეხმაურება აფხაზი ბლოგერი თენგიზ ჯოპუა ასლან ბჟანიას გამოსვლას.

"ფსოუს საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობის გაცხადება ბუნდოვანი იყო, რადგან როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ისინი ასე ლაპარაკობენ, მოსკოვში კი, როგორც ჩანს, უკვე უდევთ რუკა, რომლის დეტალებსაც დრო გვაჩვენებს. თუმცა, მე კალაშნიკოვის პოზიცია უფრო დამაჯერებელი მგონია" - წერს ჯოპუა.