ავტორი:

"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

პრემიერის განცხადებით, ვინაიდან ევროკავშირისაგან "ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელსაც ვიმსახურებთ“, არ თვლის საჭიროდ, რომ ამ თემაზე დისკუსია გააგრძელოს.

"მე ეს განცხადება გავაკეთე მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისა და მათი ლობისტების უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია.

რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი. ეს ვალდებულება მე ქართველი ხალხის წინაშე მაქვს“.