ავტორი:

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ქართველი საზოგადოების აქტიურობა ევროკავშირის მიმართულებით, ხელისუფლების მიმართ გამოხატული იმედგაცრუება და ბრძოლა ევროპული გზისკენ - თემა, რომელიც მეზობელ სომხეთში აქტიური განხილვის საგანია. ადგილობრივების თქმით, იმ ფონზე, როდესაც იქ, პრორუსული ოპოზიცია აქციებს მართავს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს, მოსახლეობა ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

"საქართველოს არჩევანი ევროპაა და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. მათ ამ გზაზე ვერაფერი შეაჩერებთ, რადგან არაერთხელ საკუთარ ზურგზე იწვნიეს რუსული ჩექმის სიმწარე. ევროპული პერსპექტივის დაკარგვა კი, რუსეთისნაირი აგრესიული მეზობლის პირისპირ დარჩენას ნიშნავს. ბოლო დღეების მასშტაბურმა გამოსვლებმა კი აჩვენა, რომ მათ უკან დაბრუნება არ სურთ... ახლა მეზობელ საქართველოს ძალიან საინტერესო პერიოდი უდგას, კარი გაუღეს, გამოცდის ჩასაბარებლად კი, ექვსი თვე აქვს. უნდა ჩააბაროს ეს გამოცდა - ეს ჩვენთვისაც სტიმული იქნება, რომ როგორმე ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და ჩამოვშორდეთ რუსეთს საბოლოოდ. ასე რომ, წარმატებები, საქართველო!" - წერს ადგილობრივი ბლოგერი ედუარდ საფარიანი.

პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი aliqmedia.am-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა რუსეთსა და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს შორის გლობალური ომი უკრაინაში მიმდინარეობს.

"ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამერიკა და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებდნენ რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უშედეგოდ. კრემლში უკვე დიდი ხანია გადაწყვიტეს, როგორმე არ დაუშვან დასავლეთთან პოსტსაბჭოთა ქვეყნების თანამშრომლობა, ვინაიდან მათ თავიანთი გავლენის ტერიტორიებად მიიჩნევენ. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც განვთარებისთვის ევროპული გზა აირჩიეს, ვგულისხმობ, უკრაინას, საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას...

თუმცა, ამ ქვეყნებმა უკვე გააკეთეს არჩევანი. ყველა მათგანი ბრძოლის სხვადასხვა ფაზაშია, მაგრამ მიზანი ერთი აქვს - ევროპა. რუსეთში ცხოვრება თავად რუსებსაც არ უნდათ. ეს არის ფაქტი. ასობით ათასი განათლებული რუსი ტოვებს ქვეყანას და საცხოვრებლად სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოში, თურქეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან... ვიცით, რომ ერევანში ათეულობით ათასი რუსი ჩამოვიდა, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა მაღალი ტექნოლოგიის სფეროებში. ასე რომ, ყველა ქვეყანას, რომელიც ამ გზას ირჩევს, წარმატებები უნდა ვუსურვოთ!" - ამბობს პოლიტოლოგი.

"პარალელი რომ გავავლოთ, იქ ოპოზიცია ევროპასთან უფრო სწრაფი დაახლოებისთვის იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას გაცხადებული აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენთან ოპოზიცია რუსეთში დაბრუნებისთვის აწყობს აქციებს, საბედნიეროდ, არა ხალხმრავალს. ნელ-ნელა იღვიძებს ხალხი. შეხედეთ ქართველებს, მათ ჟინს და მიზანდასახულობას. კანდიდატის სტატუსი ჯერჯერობით არ მიანიჭეს, მაგრამ აქვთ შანსი და საზოგადოებაც ითხოვს რეფორმებს, წინსვლას, ევროპულ სტანდარტებს, ჩვენი ოპოზიცია და მათი კონტროლირებადი მედია კი ცდილობს, უკან, რუსულ წიაღში დაგვაბრუნოს, რადგან მაშინ თავად უზრუნველყოფილები იყვნენ, ოღონდ შვილებს განათლებისთვის რუსეთში კი არა, ევროპასა და ამერიკაში უშვებდნენ.

საბჭოთა კავშირი უნდათ, რომელიც არასდროს დაბრუნდება. რუსეთს არ მოაქვს პროგრესი, ევროპისგან განსხვავებით, დემოკრატიულ რეფორმებს, დამოუკიდებელ სასამართლოსა და მედიაგარემოს, შინაგან თავისუფლებასა და სამართლიანობას კი არა, მუდმივად ჩვენს დასუსტებას ცდილობს, რათა თავად გაძლიერდეს. ამისთვის იბრძვის საქართველო და წარმატებები მათ ამ საქმეში" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ჰასმიკ აბრამიანი.

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირი ვითარება გვაქვს. მთავარია, რომ ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რა მოაქვს რუსეთთან დაახლოებას. იმასაც ხედავს, რას აკეთებს უკრაინაში, როგორ ცდილობს საქართველო წინ არ გაუშვას... მეზობელი ქვეყნის პროევროპულობა, მისი წინსვლა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია..." - მიაჩნია ანჯელა გალუსტიანს.

მთავარი ფოტო: carnegie.ru