ავტორი:

"ლელო" სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

"ლელო" სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

"ლელო" სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.

ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული თანხმობით დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობაში არაპარტიული, პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები უნდა იყვნენ.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც მოგვეცა, უნდა იყოს წლის ბოლომდე გამოყენებული. ამიტომ ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული. კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არაპარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამისთვის ერთადერთი გზა არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, როგორსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ მთავრობა, არსებული შემადგენლობით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამჯერადაც მოქმედმა მთავრობამ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს დაპირებით, რომ თითქოს განახორციელებს რეკომენდაციებს. არ განახორციელებს, ეს არის ტყუილი! მათ ერთხელ უკვე გათელეს ფეხქვეშ შარლ მიშელის დოკუმენტი და იმავეს გააკეთებენ ევროკომისიის რეკომენდაციებთან მიმართებით“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, „ლელო“ ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციებს აწარმოებს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ.

„ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს კონსულტაციები ეხება იმას, რომ ყველასთვის მთავარი იყოს ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება, ეს არის ზეპარტიული მნიშვნელობის ამოცანა. ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავუქვემდებაროთ იმ სტრატეგიულ ამოცანას, რასაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წლის ბოლოს მიღება ჰქვია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.