ავტორი:

"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები

"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები

საქართველოში უამრავი მევარდეა, მათ შორის, პროფესიონალი და მოყვარულიც, რომლებსაც მშვენიერი ვარდები გამოჰყავთ და შესანიშნავად უვლიან კიდეც.

მურად საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ცხოვრობს. ყვავილების მოყვანით წლებია, დაინტერესებულია. აქვს თავისი პატარა საოჯახო მეურნეობა, სადაც არა მარტო ვარდებს, გეორგინებს და ტიტებსაც ახარებს...

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, რომელია ყველაზე ძლიერი ვარდი და არის თუ არა, ეს ბიზნესი ხელსაყრელი, ამაზე ბატონი მურდი გვესაუბრება...

- წლების წინ ჩემს სიძეს თბილისში სათბური ჰქონდა და მიხაკი გამოგვყავდა. მერე ვარდებზე გადავედით, რადგან საქართველოში „მიხაკობია“ დამთავრდა, უფრო სწორად, მისი ფასი ძალიან დაეცა. თურქეთიდან დაიწყეს დიდი რაოდენობით შემოტანა და ამიტომ. წვალებად აღარ ღირდა, რადგანაც ბევრი წამლობა, შრომა უნდა. მოკლედ, ჩვენ შემთხვევაში მიხაკს ვარდმა აჯობა.

- რით გამოირჩევა ვარდი სხვა მცენარისგან?

- თუ მოიყვან მთელი წლის განმავლობაში, ძვირად ფასობს, რაც ცხადია, უკეთესია და მერე ასეთი გამორჩეული სილამაზის მოყვანა ადამიანს სიამოვნებას განიჭებს. ისე, დიდი წვალება უნდა, თუმცა ადვილი გასაკეთებელი არც არაფერია. მოდიან ჩემთან ადამიანები და აღფრთოვანებულები ამბობენ - რა ლამაზი ვარდებია?!. კი, კარგია, მაგრამ რომ ჩამოვუთვლი ამას, მათ რა სჭირდება, მერე უკვე სხვაგვარად ოცდებიან - თუ ამდენი რამ უნდოდა, არ გვეგონაო...

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვარდს თავის განსაკუთრებული მომხიბვლელობა ჰქონდეს?

- ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს. ისეთი მიწა უნდა მოიტანო, სადაც მოსავალი არ არის მოყვანილი, სასურველია, მთის მიწა იყოს. ზოგიერთი პლასტილინივით არის, ზოგი - ფხვიერი. ვარდისთვის რაც შეიძლება ფხვიერი უნდა იყოს და შავი შეირჩეს. ამასთან, საქონლის დამწვარი ნაკელი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცრას და ტორფში აერიოს. შემდეგ სადღაც 30-40 სანტიმეტრზე ორმო კეთდება, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაიყაროს და ნერგი ჩაირგოს. რა თქმა უნდა, წყალი უნდა დავასხათ, მოვრწყათ. ასე დარგული მცენარე კარგად იზრდება. ისე ამინდზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, წვიმიან ამინდებში მორწყვა არ დასჭირდება. ხოლო მშრალ ამინდში - მიწა რომ გამოშრება და უნდა მოირწყას. მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მინდა კი, რომ შეხედავ, ამბობს, - წყალი მწყურია და დამალევინე.

- ცნობილია, რომ მას სხვადასხვა დაავადება უჩნდება და მევარდეებს ამასთან სერიოზული ბრძოლა უწევთ...

- კი, სხვადასხვა დაავადება უჩნდება, თუმცა თუ ვარდს ჩემგან წაიღებენ, თავიანთ ეზოში დარგვის შემდეგ, დაავადება მალე არ გაუჩნდება. საერთოდ კი ვარდის ძირითადი პრობლემაა ტკიპა, ტილი და ბუგრი. თითოეულის წამალი არსებობს. წამალი სათბურში, დახურულ სივრცეში, უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე გარეთ. შეიძლება, რომ გარეთ უფრო ადვილად მოიყვანო. თუ წვიმა მოვა, ბუნებრივად გაასუფთავებს. თუ გარეთ მატლი გაუჩნდა, დაავადებული ფოთოლი უნდა აიღოთ და სპეციალურ მაღაზიაში წახვიდეთ. იქ მიიღებთ შესაბამის წამალს და რჩევას, როგორ უმკურნალოთ. დოზირების დაცვაც მნიშვნელოვანია. ბუგრის წამალი სხვაა, ასევე ნაცრის...

- თითოეული რა პერიოდში ჩნდება?

- რომ გამოზაფხულდება, მწვანე ბუგრები არაერთ მცენარეს ესევა და მათ შორის, ვარდსაც. თუ არ მოაცილებთ, გააფუჭებს. ასევეა მატლი, რომელიც ორნაირია - ერთი შეიძლება დღის სინათლეზე, ვარდის ფოთოლზე თვალით დაინახო, შესაბამისი წამლით მოწამლო, მოკლა და ასე მოაცილო, მაგრამ არის მეორენაირი მატლი - რომ დაღამდება მიწიდან ამოდის. ღამე მუშაობს, ფოთლებს ჭამს და სანამ გათენდება, ისევ მიწაში ჩადის. ამიტომ ვარდი, ამის გამო, შუაღამისას ბევრჯერ მომიწამლავს. - სურნელოვანი ვარდები გაქვთ? - არა, სურნელი ძველებურ „ჩაის ვარდებს“ ჰქონდა. ჩემი ვარდები ჰოლანდიურია, იქიდანაა შემოტანილი. ასევე ერევანში, ლაბორატორიაში გამოჰყავთ, ოღონდ, კალამზე. ნამყენი და კალმით გამოყვანილი ერთმანეთისგან განირჩევა. მეკითხებიან, - რა მნიშვნელობა აქვსო? თუ კალმის ვარდს დარგავთ, ვთქვათ, ქალაქგარეთ, ნაკვეთში, აუცილებლად უნდა მორწყოთ იმის გამო, რომ ჩასვლა ვერ მოახერხეთ, კალმის ვარდი გაგიხმება. ნამყენი კი, რაც არ უნდა გვალვა იყოს, თავს გადაირჩენს. ფესვი შორს აქვს გადგმული და კალამზე გახარებულის შემთხვევაში ფესვი უფრო სუსტია. გვალვას ვერ უძლებს, თუმცა თუ თავის დროზე მორწყავ, ისიც გაიხარებს.

- სად ყიდით თქვენს ვარდებს?

- პატარა ყვავილების მაღაზია წყალტუბოში მაქვს და იქ ვყიდი, შემდეგ რაც მომრჩება, ქუთაისში ჩამაქვს და საყვავილეებს ვთავაზობ. თუ ვინმეს უნდა, იღებს. მაქვს კიდევ გეორგინები და ტიტები. სათბურში უკვე დარგულია და გაყვავებას ერთ თვეში დაიწყებს. მქონდა ასევე ტიტები, მაგრამ უკვე მოილია. იცით, გეორგინა როგორი მცენარეა? თუ ადრე გაზაფხულზე დარგავ, შემოდგომამდე ყვავის. შემოდგომაზე კი ბოლქვები უნდა ამოიღო და მშრალ ადგილზე შეინახო. ტიტებსაც ასევე უნდა მოექცე - ბოლქვები რომ იყვავილებს, მერე ამოიღო და შეინახო. ვარდი სათბურში თუ გარეთ ზამთარში ყვავილს არ გაიკეთებს, გაჩერებულია, რომ გამოზაფხულდება გაყვავებას დაიწყებს.

- ღირს ამ საქმის კეთება?

- ათასნაირი საქმე არსებობს, შეიძლება, კაცმა პამიდორი მოიყვანოს და ვარდს თავი დაანებოს. გააჩნია ამას ვინ როგორ მიუდგება. თუ საქმის სიყვარულით არ მიუდექი, არაფერი გამოვა. თუ გაინტერესებს და გიყვარს, მოიყვან, თუ ეს ინტერესი არ გაქვს, ამ საქმის გაკეთებას ვერ შეძლებ. მანამდე კი ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლო, პრაქტიკული გამოცდილებაც უნდა გქონდეს. მოკლედ, თეორია საჭიროა, მაგრამ პრაქტიკა ამაზე მეტად.

- თქვენს სათბურში ვარდი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს?

- გამოზაფხულდება თუ არა, რომ იწყებს, დეკემბრამდე შეიძლება სამჯერ იყვავილოს. ზამთარში თუ გათბობას ჩაურთავ, მაშინაც მოვა, მაგრამ გათბობა ისეთი რამ არის, შემოსავალზე მეტად გასავალი მეტია. თითქმის ვერავინ ათბობს. ამიტომ ზამთრის თვეებში ვარდები ისვენებენ. გაზაფხულზე კი იწყებენ ყვავილობას. სათბურში ერთი თვით ადრე, აპრილში მოდის, გარეთ - მაისში. ფასი მეტი აქვს. როცა უკვე გარეთაც შემოდის, მაშინ მისი ფასი უკვე იკლებს. თუ კარად მოუვლი, სათბურში 4-ჯერაც შეგიძლია მოჭრა. ვარდი 3-4 წელი რომ იმუშავებს, იმ ძირებს ვიღებ, ვყიდი და მის ნაცვლად ახალს ვრგავ. ეს მცენარე უნდა ჩავაბარო და ამიტომ, ხარისხი მნიშვნელოვანია. ძლიერ, ლამაზ, ნამყენ ვარდს რომ დარგავ, 20-25 წელიწადი არის. მერე რომ იღებ და ანაცვლებ, სხვა ეზოსა და მიწაში უფრო ხარობს.

- რას გვირჩევთ თქვენი გამოცდილებიდან?

- თუ ვინმეს აინტერესებს, უნდა ისწავლოს და გააკეთოს. ამასობაში გაიგებს, რა არის ვარდი... ვის რა ვურჩიო? ვისაც ვურჩიე, მათგან ზოგმა საყვედური მითხრა და ზოგმა - მადლობა. სანამ არ გააკეთებ და შედეგებს არ მიიღებ, მანამდე ვერ გაიგებ. მის გახარებაზე რომ დაიწყებ მუშაობას, თვითონ ვარდი გაგახარებს...

- ეს ბიზნესი რით განსხვავდება სხვა ბიზნესისგან?

- ყველაფერი შემოსავალზეა დამოკიდებული. პომიდორი როგორც პროდუქტი, მიყვარს, მაგრამ მოსავლელად გული ვერ დავუდე. ვარდი მიყვარს, სილამაზე მიყვარს, ამიტომ, სათბურში მუშაობისას ველაპარაკები. როცა ვმუშაობ, თვითონ მეუბნება, - რა სჭირდება და ამ საქმეს სიყვარულით ვაკეთებ. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, კარგად არ გამოვა... სილამაზეს ვქმნი და მომწონს. ამ ყველაფერს ვქმნი და აქედან ესთეტიკურ სიამოვნებას თვითონაც ვიღებ.