ავტორი:

"მარტო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება" - ვოლსკი

"მარტო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება" - ვოლსკი

მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარია დეპოლარიზაცია, რათა შესრულდეს ის, რაც ევროკავშირს აინტერესებს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობის შექმნა გამოსავალი არ არის.

„ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს, ნებისმიერი ფორმატის კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს. წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება - რა საკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ! არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენს წინაშე დგას.

არანაირი პოზიტიური განწყობა იმისა, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს იმისთვის, რომ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.