ავტორი:

"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება

"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.