ავტორი:

"წარმოდგენას ჰქონდა არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა" - რომან გოცირიძე სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზე

"წარმოდგენას ჰქონდა არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა" - რომან გოცირიძე სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზე

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძე სიქსტის კაპელაში საპატრიარქოს გუნდის მიერ ჩატარებულ კონცერტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "ასეთი მაღალპროფესიონალური კოლექტივი ქვეყანას და მის კულტურას ევროპაში ღირსეულად წარმოაჩენს"

"სიქსტის კაპელაში საპატრიარქოს სიმღერის გუნდის მიერ გამართულ წარმოდგენას ჰქონდა არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა.

ზოგს ეს კონცერტი არ მოეწონა იმის გამო, რომ წულუკიანს მოჰკრა წინა რიგში თვალი, ზოგს სალომე ზურაბიშვილის ხილვა არ ესიამოვნა და ზოგსაც ზოგიერთი სასულიერო პირის. ამით ნუ განვსჯით. წარმოდგენის პირდაპირ ტრანსლირებას შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში და მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან შთამბეჭდავი. თითქმის ორსაათიანმა გამოსვლამ, ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა და საგალობლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში ჩვენი ეკლესიის ეს ღონისძიება შეიძლება პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალოს.ეკუმენისტური მოძრაობიდან საქართველოს ეკლესიის განდგომა იყო იზოლაციონისტური, პრორუსული და ანტიევროპული ქმედება. ამან დააზიანა საქართველოს ინტერესები, რასაც დღემდე ვიმკით.როგორც ამბობენ, მგალობელთა გუნდის გამოსვლები სხვა აუდიტორიების წინაშეც გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ასეთი მაღალპროფესიონალური კოლექტივი ქვეყანას და მის კულტურას ევროპაში ღირსეულად წარმოაჩენს" - წერს გოცირიძე.

  • ცნობისთვის, ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.

მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.

კონცერტის დაწყებამდე, სიქსტის კაპელაში შეკრებილებს სიტყვით წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტმა, კარდინალმა კურტ კოხმა მიმართა. ისტორიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა კარდინალებიც.

ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კონცერტის ბოლოს, "ავე მარია“ საპატრიარქო გუნდთან ერთად სიქსტის კაპელას გუნდმა შეასრულა.

Vatican News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთ ცოდნა ხელს უწყობს ურთიერთდაფასებასა და უფრო მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.