ავტორი:

საქართველოში სხივის ნერვის რეკონსტრუქციის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - 15 წლის მოზარდს ხელის მტევნის ფუნქცია სრულად დაუბრუნდა

საქართველოში სხივის ნერვის რეკონსტრუქციის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - 15 წლის მოზარდს ხელის მტევნის ფუნქცია სრულად დაუბრუნდა

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ფიქრობს, რომ რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა და მკურნალობა საზღვარგარეთ უმჯობესია, მაშინ ჩვენი სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ზოგადად, ველოსიპედიდან ვარდნა ბავშვთა ტრავმების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ასე დაემართა 15 წლის მოზარდსაც, რომელმაც ველოსიპედიდან გადმოვარდნისას ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო. რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მშობლებმა ბავშვის თურქეთში წაყვანა და იქ რთული ქირურგიული ჩარევის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა პარალელურად მაინც არ წყვეტდნენ საქართველოში ნეიროქირურგებთან კონსულტაციებს.

პაციენტის დედა თამუნა მგელაძე-ხორავა გვიყვება, რომ ბავშვს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მარცხენა ხელის სხივის ნერვი დაუზიანდა.

„გადმოვარდნის შემდეგ ტრავმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ გავდიოდით მკურნალობას. თავიდან იდაყვიც ჩაეკეტა, რომელიც მასაჟების შედეგად გავხსენით, თუმცა მარცხენა ხელის თითები ისევ ჩამოშვებული და უმოძრაო ჰქონდა. მგრძნობელობა სრულად დაკარგული იყო. 2-თვიანი რეაბილიტაციის კურსი ჩავუტარეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ უკვე ნეიროქირურგებთან გავიარეთ კონსულტაცია და ოპერაციის გაკეთება გადაწყდა,“ - გვიყვება პაციენტის დედა.

თბილისში რამდენიმე ნეიროქირურგთან კონსულტაციის შემდეგ ოჯახმა თურქეთში მიმართა ექიმებს. მათ ქართველი ნეიროქირურგებისგან განსხვავებული სამკურნალო გეგმა შესთავაზეს. ქირურგიული ჩარევით, ფეხიდან აპირებდნენ დონორი (სურალისი) ნერვის ამოკვეთას და ხელის დაზიანებული ნერვის ადგილას ჩაკერებას. ფეხის თითზე, საიდანაც ნერვს ამოიღებდნენ, ბავშვს მგრძნობელობა დაეკარგებოდა. მკურნალობის სხვა შემთხვევას სპეციალისტები არ განიხილავდნენ.

„გადაწყვეტილების მიღება ძალიან გვიჭირდა. თურქეთში უფრო რთულ ვარიანტს გვთავაზობდნენ, ერთი ოპერაციის ნაცვლად, ორი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თან საღი კიდურის დაზინების ხარჯზე. იქ გაკეთების შემთხვევაში ფინანსური ხარჯიც მნიშვნელოვნად მეტი იყო. თურქი ექიმები შედეგის 100% გარანტიას გვაძლევდნენ. ესეც დასაფიქრებელი იყო ჩვენთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მედიცინაში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს. ამ პროცესში გავარკვიეთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ საქმიანობდა ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია, რომელიც საქართველოში ახალი ჩამოსული იყო და საკმაოდ რთულ ოპერაციებს ატარებდა. იმ დროისთვის ის არ იყო საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი ექიმი, თუმცა ჩვენ არჩევანი სწორედ ბატონ რუდიკოზე შევაჩერეთ. საოცარი იყო მისი ჩვენდამი დამოკიდებულება და მოტივაცია. ბავშვიც ძალიან კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. მანამდე არცერთ ექიმთან არ გახსნილა და საუბრის სურვილი არ გამოუთქვას. რუდიკოში დავინახეთ რაღაც ისეთი, რაც გვეუბნებოდა, რომ მას უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია და ყველაფერი კარგად იქნებოდა,“ - იხსენებს პაციენტის დედა.

თავად რუდიკო ჯიგანია აღნიშნავს, რომ როდესაც პაციენტი მასთან მივიდა, ოჯახს თურქეთში წასვლა და იქ მასშტაბური ოპერაციის ჩატარება თითქმის საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი.

„ზოგადად, სხივის ნერვის დაზიანება, რაც 15 წლის პაციენტს აღენიშნებოდა, ჩვენს მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დაზიანებაა. ის აღდგენას მინიმალურად ექვემდებარება. პრობლემისა და ჩარევის სირთულიდან გამომდინარე ოჯახს თურქეთში წასვლა უნდოდა, სადაც მასშტაბურ ოპერაციას სთავაზობდნენ. მე თურქი ექიმების გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე და შევთავაზე, ხელის ნერვზე ადგილობრივად გვემუშავა. ფეხიდან სურალისის ნერვის გადანერგვაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გვეფიქრა, თუ ყველა სხვა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ისე ხდება, რომ უცხოელ ექიმებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადგილობრივებს. ჩემი შეთავაზების მიმართაც ოჯახი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. ფეხიდან ნერვის გადანერგვა იყო ყველაზე რადიკალური ვარიანტი მკურნალობის კურსისა. მსგავსი რამ მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც ნერვის ადგილობრივად კონსტრუქცია შედეგს არ გვაძლევს და ხელზე მგრძნობელობის დაბრუნების სხვა შესაძლებლობა აღარ არსებობს. ასე მასწავლეს მე და ასე მუშაობენ დღეს ევროპისა და აზიის წამყვანი ნეიროქირურგები, ამიტომ ორმაგ ოპერაციას არ დავთანხმდი,“ - განმარტავს რუდიკო ჯიგანია.

საბოლოოდ ოჯახის გადაწყვეტილებით და თავად პაციენტის სურვილით ოპერაციის „ნიუ ჰოსპიტალსში“ რუდიკო ჯიგანიასთან ჩატარება გადაწყდა. წინა საოპერაციო კვლევა აჩვენებდა, რომ ნერვის მთლიანობა დარღვეული იყო, თუმცა ნერვი გადაჭრილი არ აღმოჩნდა.

„სირთულის მიუხედავად ყველაფერი წარმატებით დასრულდა. იშვიათია, რომ სხივის ნერვის დაზიანების შემდეგ 1,5-2 თვეში ფუნქცია სრულად აღდგეს. სწრაფ რეგენერაციაში ისიც დაგვეხმარა, რომ პაციენტი მოზარდი იყო. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ჩვენი ყველას დიდი გამარჯვებაა. საქართველოში ადგილობრივად შევძელით და ბავშვს დავუბრუნეთ ხარისხიანი და სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა. ხელზე დარჩენილი ნაწიბური ერთადერთია, რაც მას ამ ისტორიას გაახსენებს,“ - დაამატა ნეიროქირურგმა.

„მიხარია, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება შევძელით. ბატონი რუდიკო ოქროსხელება ქირურგია, რომელიც ქართველებს გვყავს. მინდა ჩვენი ისტორიის გაზიარებით ყველას ვუთხრა, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა უპირობოდ უკეთეს მკურნალობას არ ნიშნავს. საქართველოშიც გვყავს ექიმები, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ხშირად იმაზე უკეთეს გამოსავალსაც გვთავაზობენ, ვიდრე საზღვარგარეთ. თან თურქეთში თუ სხვა ქვეყანაში მკურნალობა ხომ გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს პაციენტის დედა თამუნა მგელაძე-ხორავა.

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. მოზარდი სრულად გამოჯანმრთელებულია და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.