ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულებს მენტორობას ცნობილი მწერლები და რედაქტორები გაუწევენ

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულებს მენტორობას ცნობილი მწერლები და რედაქტორები გაუწევენ

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ყველაზე პოპულარული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა უკვე მკითხველთა ფართო წრეებისთვის ცნობილი არაერთი ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად ხვდება ბესტსელერთა სიაში.

2022 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“. მათ ჟიურისა და მკითხველს თავიანთი ორიგინალური და საინტერესო ტექსტებით დაამახსოვრეს თავი.

გამარჯვების შემდეგ, სანამ „პალიტრა L-ი“ ნამუშევრებს გამოსცემს, მათ მენტორები უნდა გაეცნონ და ავტორებთან ერთად ტექსტების დახვეწაზე იმუშაონ. ეს, ერთი მხრივ, ავტორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რაც სამომავლოდ, ახალი ნამუშევრების შექმნაში დაეხმარებათ, ხოლო მენტორებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ქართველი მკითხველი ახალ წიგნებს აღმოაჩენს.

გამარჯვებულების მენტორები არიან: მაკა ჯოხაძე - მწერალი და ლიტერატურათმცოდნე - ანუკი შატაკიშვილის მენტორი; მწერალი ინა არჩუაშვილი - ოლანი ბიწაძის მენტორი და მწერალი და რედაქტორი ბესო ხვედელიძე - ირაკლი არიშვილის მენტორი.

მენტორებმა გამარჯვებულ ავტორებთან ერთად ნამუშევრების დახვეწაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ისინი თავიანთ შეხედულებებს გვიზიარებენ:

ინა არჩუაშვილი: ძალიან მადლობელი ვარ „პალიტრა L-ის“, რადგან ეს არის მართლაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კონკურსი იმისათვის, რომ ახალგაზრდა ავტორები წარმოაჩინოს. ყველა ლიტერატურული პერიოდიკის მიზანი, პირველ რიგში, ალბათ სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას, რომლებიც შემდეგ ცნობილი მწერლები გახდებიან. რაც შეეხება ოლანი ბიწაძეს, მისი წიგნიდან დამამახსოვრდა ერთი ფრაზა: „ბავშვობაში სიზმრების რვეული მქონდა, ახლა კი სიზმრები აღარ მაქვსო...“ მინდა მას და კონკურსის მომავალ მონაწილეებსაც ვუთხრა, რომ სიზმრების ნაცვლად არის არაჩვეულებრივი რეალობა, რომელიც მათ უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს. დამწყები ავტორებისთვის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არის ბიძგი, წახალისება და წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი, საბოლოოდ კი მწერლობა დიდ შრომასა და ძალისხმევას ეფუძნება.

მნიშვნელოვანია, რომ დამწყებ ავტორში ყოველთვის ნახავ გულწრფელობას, რაც აუცილებლად დასაფასებელია. მენტორის მოვალეობა კი ის არის, რომ გაუღვივო წერის სურვილი და მიუთითო ყველა იმ ხარვეზზე, რაც სამომავლოდ თავის ნაშრომებში აღარ ექნება.

ბესო ხვედელიძე: ავტორს მოთხრობილი აქვს ორიგინალური ისტორია და ჩვენ დამწყებ მწერლებს სწორედ ამ ისტორიების სწორად გადმოცემაში ვეხმარებით. ისე დავეხმარები, რომ შემდეგში უკვე დახვეწილი ექნება წერის ტექნიკა. ასეთი კონკურსები გვეხმარება ახალი ავტორების აღმოჩენაში. მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთად მუშაობით ბევრი რამ ისწავლონ. ოდესღაც მეც ეს გზა გავიარე, 25 წლის წინ მეც ვიყავი დამწყები, როცა პირველად შემოვდგი ფეხი ლიტერატურაში, მეც უფროსი კოლეგები მეხმარებოდნენ და აქამდე მოვედი: უკვე 27 წიგნი მაქვს დაწერილი, 20-მდე დარედაქტირებული და ჩემი მენტორობით გამოცემული, 20-მდე მაქვს ნათარგმნი და სხვა. კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც აგიხსნის, როგორ დაწერო და რა შეცდომები არ დაუშვა, რადგან წიგნის წერასაც თავისი წესები აქვს, როგორც ნებისმიერ პროფესიას.

კონკურსის გამარჯვებულების წიგნებს „პალიტრა L-ი“ 2022 წლის შემოდგომაზე გამოსცემს.

R