ავტორი:

"მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება" - მამუკა მდინარაძე

"მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება" - მამუკა მდინარაძე

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო მაღალი ალბათობით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება. ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გუნდი საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.

"პრეზიდენტის ვეტოზე ჩვენ ვნახეთ ზოგადი არგუმენტი, თითქოს ეს კანონი ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ, განმარტებული არ არის და არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება”,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, დღეს უმრავლესობამ იმსჯელა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმაზე.მისი თქმით, უახლოეს დღეებში შეიკრიბება "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტები და შესაბამისი ვადები.

"ასევე, ევროკომისიის მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით, ვადები, პასუხისმგებელი პირები, პასუხისმგებელი უწყებები თუ სუბიექტები. ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შეიკრიბება პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ პრობლემას არ შევქმნით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.