ავტორი:

"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?

"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?

გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ამცნო, რომ დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ "ქართულ ოცნება" დატოვეს.

მდინარაძემ დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა:

"ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით, რადგან შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შეექმნათ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, ეს საბოლოოა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

განმარტებები გუშინვე გააკეთეს "ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.

სოზარ სუბარი: "საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა მმართველ გუნდში ხარ, გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მათ შორის ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა იმიტომ, რომ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს".

მიხეილ ყაველაშვილი: "ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად - არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები, ["ქართული ოცნება"] მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ".

დიმიტრი ხუნდაძე: "რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან".

  • "ოლიგარქის თამაშები", "საპარლამენტო ალტინფო", "ხუნდაძის მორიგი აჯანყება" - ასე შეაფასეს ოპონენტებმა ახალი რადიკალური ფრთის დაბადება, რომელიც, როგორც იკვეთება, უფრო თამამი ანტიდასავლური რიტორიკით წარსდგება საზოგადოების წინაშე და როგორც ვარაუდობენ, ღარიბაშვილი მათი დახმარებით "ევროკავშირს ახდის ფარდას".

არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ სამეულს სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, ხელოვნურად შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი და საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. ვიდრე "ოცნებიდან“ წასულები ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს დააყენებენ, საზოგადოების წინაშე "სიმართლით" წარსდგებიან, მანამდე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე AMBEBI.GE-სთან სამეულის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე ვერსიას ავითარებს:

"დაშლა კი არა, ეს გადაშლას ჰგავს. მოულოდნელია და უცნაური, როცა 3 ფიგურა ტოვებს "ოცნების" რიგებს. მათ გარდა რამდენიმემ თუ კიდევ დატოვა "ოცნება“, მაშინ მოსალოდნელია, რომ ახალი კონფიგურაცია შეიქმნას და ვადამდელი არჩევნებისკენაც წავიდეს პროცესი - 76 მანდატზე ქვემოთ თუ იქნება უმრავლესობა, მაშინ ალბათ დადგება მთავრობისადმი ნდობის საკითხი და ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე.

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" რაღაც პროცესს ალაგებენ. ამ პროცესის დალაგება, მით უფრო, თუ ვადამდელისკენ მიდის პროცესი, "ოცნებაში" ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ეს როგორც ამბობენ, იქნება რადიკალური ფრთა და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები პრინციპებისთვის არ ტოვებენ პარტიას, რაღაც პროცესი დაიწყო, რაღაცის გადათამაშება ხდება, სხვაგვარად, არ მესმის, რას ნიშნავს, ინფორმაცია ვერ მიგვაქვს ხალხამდე? მათ სამი ტელევიზია აქვთ, სულ მცირე. არ ვიცი, რატომ არ, ან ვერ აწოდებენ ინფორმაციას.

შესაძლოა, დაიწყოს სხვა პროცესი და ეს კობახიძის წინააღმდეგ იყოს მიმართული, არც ისაა გამორიცხული, 75 კაცი დარჩეს და, შესაბამისად, ვადამდელზე დაიწყოს საუბარი. ისიც შესაძლებელია, კიდევ ერთი ახალი პარტია შეიქმნას, რომელიც მომავალ არჩევნებზე იჭიდავებს. სხვა ვარიანტები ჯერ არაა. არც ისაა გამორიცხული, მოულოდნელად დღის წესრიგში დადგეს ორივე ირაკლის თემა. არ ვფიქრობ, ხვალ და ზეგ იქნება აქტუალური და წინასწარ ხდებოდეს ნიადაგის მომზადება, თუმცა უცნაურია ახლა, ამ მომენტში ამ ხალხის გადაწყვეტილება.

3 ივლისს, ოპოზიცია, ცხადია, დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ აი, "ოცნება“ იშლება. შესაძლოა პარლამენტში მათი სახით შეიქმნას რადიკალური ფრთა, რომლის ფუნქცია ის იქნება, რომ ისინი კი ილაპარაკებენ ყველაფერზე, მაგრამ ეს "ქართულ ოცნებას“ არ მიეწერება. ეს იქნება დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი და საინტერესოა, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება პრემიერისადმი, რა განცხადებებს გააკეთებენ და მოხდება თუ არა მათი, როგორც ჯგუფის ფორმირება“.