ავტორი:

უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"

უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"

უმძიმესი დანაშაული მოხდა კახეთში - ლაგოდეხის რაიონში ორი ახალგაზრდა (მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია) 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა. ისინი აიძულებდნენ მამაკაცს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინა, ეს ყველაფერი კი ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

დაზარალებულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მოძალადეები მოხუცს ფულის გამოძალვის მიზნით გაუსწორდნენ. როგორც ისინი ყვებიან, მომხდარის შემდეგ მამაკაცი სახლში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ დეტალების მოყოლა ვერ მოახერხა. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, 68 წლის კაცს სახე მთლიანად დასისხლიანებული ჰქონდა. ამჟამად დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ახალგაზრდები, რომლებმაც შემზარავი დანაშაული ჩაიდინეს, აზერბაიჯანელები არიან. სოფელში ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი მათთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია.

"როდესაც გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ, ჩვენმა თანასოფლელებმა თავად დასაჯეს მოძალადეები და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ მსგავს ფაქტებს ვერ შევეგუებით, ჩვენ ყველა ქართველები ვართ, დები და ძმები ვართ. ჩვენ არ გვინდა ვინმესთან დაპირისპირება. მიზეზები ზუსტად არ ვიცით, რა და რატომ მოხდა, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, რომ 68 წლის მამაკაცზე იძალადო" - ამბობენ მოძალადე ახალგაზრდების თანასოფლელები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ:

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.

ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.