ავტორი:

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ , - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ ფრაქცია "ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება არის "ქართული ოცნების“ მანიფესტი და დასტური, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთდება მმართველ პოლიტიკურ ძალას არ სურდა.

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ. ამ სამი ადამიანის განცხადებას "ტრიოთი" მოიხსენიებენ. "ტრიო" კარგი სიტყვაა, ეს არის "ტროიკა". ასე უნდა ვუწოდოთ მათ - საოჯახო "ტროიკა". ესენი არიან, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი განცხადებების ავტორები, მაგრამ მათ ამხილეს "ქართული ოცნება“. ეს დაგეგმა "ქართულმა ოცნებამ". რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემუშავებული სცენარი, შეუძლებელია მასთან შეუთანხმებლად ეს ნაბიჯი გადაედგა "ქართულ ოცნებას“. გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი და ის, რისი თქმაც მათ ბოლომდე არ შეეძლოთ, პოლიტკორექტურობის გამო. ეს არის "ქართული ოცნების“ მანიფესტი, განცხადება, დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. გამოჩნდა, რომ მათ რეალურად არ უნდოდათ განაცხადის შეტანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ მიზანია არსებული ვითარების შენარჩუნება:

"ამ განცხადების შემდეგ ყველას აეხილა თვალი: ამ ხალხისთვის სამშობლო, მისი მომავალი არ არის მთავარი, არამედ შენარჩუნება არსებული ვითარებისა: დააჯდნენ ბიუჯეტს, მოიპარონ ფული, იყვნენ დაუსჯელები, ჰყავდეთ საკუთარი სასამართლო, რომელსაც ვისზეც მიუთითებს, იმას დაიჭერს. პოლარიზაციის განმუხტვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, თუ "ქართული ოცნება" იმ რეფორმებს არ გაატარებს, რასაც ევროკომისიის მიერ გაცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ვკითხულობთ და ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც არის, "საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხალხს მართლა სამოქალაქო კონფლიქტისკენ უბიძგებს და შედეგად საკუთარ თავზე მიიღებენ რევოლუციას“.