ავტორი:

"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?

"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?

მოსკოვის გარეუბანში, კერძო სახლში 48 წლის ბიზნესმენი, რუსულ ბიზნესწრეებში "აფხაზ მილიარდერად" წოდებული ევგენი პალანტი მოკლეს. ბიზნესმენის სახლში ნაპოვნია მისი ცოლის ცხედარიც. ორივე მათგანს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. პალანტს აფხაზეთში რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა. ის რეგიონში ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის А-Мобаил-ის მფლობელი იყო.

msk1.ru-ს ცნობით, 48 წლის ბიზნესმენისა და მისი 50 წლის მეუღლის, ოლგა პალანტის ცხედრები, ორშაბათს საღამოს ზარაჩას დასახლებაში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაზე. ცხედრები ბიზნესმენის გერმა აღმოაჩინა.

არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მკვლელობის მოტივი წილების გადანაწილებაა. პალანტი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ის მნიშვნელოვან წილს ფლობდა საინჟინრო კომპანია Инсталсайт -ში. აღნიშნული კომპანია რამდენიმე ორგანიზაციას ემსახურებოდა და მის მიმართ ინტერესიც დიდი იყო.

"პალანტის მფლობელობაში იყო აფხაზეთში მოქმედი, ყველაზე დიდი მობილური კომპანია А-Мобаил... ბიზნესმენი აფხაზეთში დაიბადა, მაგრამ განათლება რუსეთში, მოსკოვში მიიღო და კარიერაც იქ გაიკეთა. რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი 90-იანი წლების ომის შემდეგ ადგილობრივი ბიზნესგარემოთი დაინტერესდა და უმეტეს დროს აფხაზეთში ატარებდა.

ევგენი პალანტი

თუმცა, იმავდროულად აქტიურად აწარმოებდა ბიზნესს რუსეთში. 2009 წლიდან პალანტი საინჟინრო კომპანია IK Instalsight-ის 33,3%-ს მფლობელი იყო.

პალანტი აქტიურად აფინანსებდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ის სრულად ინახავდა სოხუმში არსებულ, ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრსაც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, 2006 წლიდან, პალანტი ტელეკომ-ბიზნესში იყო ჩართული და იმავე წელს, აფხაზეთში დააფუძნა აღნიშნული მობილური კომპანია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საქალაქთაშორისო სატელეგრაფო-სატელეფონო სადგურის თანამფლობელიც იყო, რომელიც აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომპანია Абхазсвязь-ის დაქვემდებარებაში იყო.

პალანტის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა А-Мобаил-ის გენერალური დირექტორი ბორის ბარციცი, რომლის თქმითაც, მათ წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი დაკარგეს.

"ის აფხაზეთის მოქალაქე იყო. აფხაზეთში არაერთი წარმატებული ბიზნესი დააფუძნა და მრავალი ადამიანი დაასაქმა. ამასთან, ყველანაირად ცდილობდა, მხარში დადგომოდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას.." - აღნიშნა ბარციცმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ ერთი კომპანია, რომლის 51,14 %-საც ბიზნესმენი ფლობდა, არის კომპანია ЮМТ, რომელიც დაკავებული იყო მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო რესურსების შექმნითა და გამოყენებით. კომპანიის მეორე მფლობელი იყო ბიზნესმენი სერგეი გლემბეცკოი, რომელიც მისი პარტნიორი იყო კომპანია Инсталсайту -შიც.

უფრო ადრე პალანტს წილები ჰქონდა სამშენებლო კომპანია Гранд строй-სა და Зуевка-ში. თუმცა, გაირკვა, რომ ორივე კომპანია დაინტერესებულ, ე.წ. ადრენალინის მოყვარულ პირებს სხვადასხვა ადგილებში გარეულ ცხოველებზე მონადირებაში ეხმარებოდა. კერძოდ, მათ ადგილის შერჩევასა და ტრანსპორტირებაში დიდძალ ფულს იღებდა. 2016 წელს ორივე კომპანია დაიხურა და მალევე გაკოტრდა.

ევგენი პალანტი მეუღლესთან ერთად

აფხაზური მედიის ცნობით, მოკლული ბიზნესმენის ცოლი გასულ წლებშიც თავადაც მონაწილეობდა ქმრის ბიზნესგარიგებებში.

"ვიცი, რომ აფხაზეთში რამდენიმე სახლი ჰქონდა და აქეთ ხშირად ჩამოდიოდა, კიდევ კარგი, რომ აქ არ მოკლეს, თორემ საბოლოოდ გვაღიარებდნენ კრიმინალურ ქვეყნად. თან საკურორტო სეზონი დაიწყო და მცირე შეტაკებები ისედაც გარდაუვალია. ამბობდნენ, რომ ცოლთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მის მოშორებას აპირებდა, რასაც ცოლი ვერ ეგუებოდა. თუმცა, დიდ ფულს ყოველთვის ახლავს სისხლი, ტყვია და სიკვდილი" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "შავი მეფე".

"აფხაზეთში სამშენებლო კომპანიის ბიზნესიც დაიწყო, მაგრამ აქაურმა განგსტერებმა დაბლოკეს - იმხელა წილი მოსთხოვეს, მაშინ ამათთვის უნდა ემუშავა... ცუდია, თუნდაც იმიტომ, რომ სოხუმს ერთი თეატრი ჰქონდა, რომელსაც პალანტი აფინანსებდა, ახლა კი რა იქნება, არავინ იცის. ახლა ისეთი დროა რუსეთში, რომ მგლების შებრძოლება მიმიქარავს - მაფიოზები გადარჩენისა და გაძლიერებისთვის იბრძვიან, არავინ იცის, პალანტი რას შეეწირა და ვერც ვერასდროს გავიგებთ" - მიაჩნია ლეილა გულიას.