ავტორი:

"არ ვიცი როგორ უნდოდათ გაშიშვლება - წელამდე თუ წელს ქვემოთ, ეს მაინც ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა" - ვლადიმერ პუტინის პასუხი და რჩევა G7-ის ლიდერებს

"არ ვიცი როგორ უნდოდათ გაშიშვლება - წელამდე თუ წელს ქვემოთ, ეს მაინც ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა" - ვლადიმერ პუტინის პასუხი და რჩევა G7-ის ლიდერებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერების ხუმრობას იმ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც პუტინი წელს ზემოთ შიშველია აღბეჭდილი.

  • პუტინის თქმით, G7-ის ლიდერებს რომ ტანსაცმელი გაეხადათ, "ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა". აღნიშნულ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კასპიის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

"არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება - წელამდე თუ წელს ქვემოთ. ვფიქრობ, ეს მაინც ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა", - თქვა პუტინმა. ასევე დასძინა, რომ ის კარგად იცნობს "დიდი შვიდეულის" ლიდერებს და მისი აზრით, ასეთი ფოტოები რომ გადაიღონ, არ უნდა სვამდნენ და სპორტითაც უნდა დაკავდნენ.

"ადამიანში ყველაფერი ჰარმონიულად უნდა განვითარდეს, სულიც და სხეულიც, მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიულად იყოს, არ უნდა სვამდეთ და არ უნდა გქონდეთ მავნე ჩვევები, უნდა დაკავდეთ ფიზიკური აქტივობითა და სპორტით.

ყველა კოლეგას, რომელიც თქვენ დაასახელეთ, პირადად ვიცნობ. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობის საუკეთესო პერიოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ყველანი ადამიანები არიან, ლიდერები არიან. თუ მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ სასურველს, მაგრამ მათ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. რასაც ამ თემის შესახებ ამბობენ, უკვე კარგია, ამის გამო შევაქებ მათ", - თქვა პუტინმა.

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდი შვიდეულის სამიტზე, ლიდერებმა პუტინის ის ფოტოები გაიხსენეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი წელს ზემოთ შიშველია და ცხენზე ზის. G7-ის წარმომადგენლებს ფოტოები უნდა გადაეღოთ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კოლეგებს ხუმრობით შესთავაზა, რომ ტანსაცმელი გაეხადათ.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ჯონსონმა იხუმრა, რომ ასე უფრო სასტიკები გამოჩნდებოდნენ.

"შეგვიძლია ტანსაცმელი გავიხადოთ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე სასტიკები ვართ“, - თქვა ჯონსონმა. საუბარში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჩაერთო და პუტინის ცნობილი სურათები გაიხსენა.

  • ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინი ხშირად წარმოაჩენს, რომ დაკავებულია სპორტით, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებით, ახდენს ასევე შიშველი სხეულის დემონსტრირებას და ამით ერთგვარად თავის ფიზიკურ ძალას უჩვენებს დანარჩენ მსოფლიოს, რასაც ფსიქოლოგები ერთგვარად ძალაუფლების წარმოჩენის მცდელობადაც აფასებენ.

წლების განმავლობაში რუსეთის ლიდერს ხშირად უღებდნენ ისეთ ფოტოებს, სადაც ის წელს ზემოთ შიშველი პოზირებს. 2009 წლის ერთ-ერთ ფოტოსესიაზე აღბეჭდილია, თუ როგორ ჯირითობს ნახევრად შიშველი პუტინი, ხოლო 2018 წელს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, წელს ზემოთ შიშველი რუსეთის პრეზიდენტი როგორ თევზაობს ციმბირის ტბაზე.

როდესაც პუტინს ავსტრალიელმა ჟურნალისტმა 2018 წელს ჰკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი ჰობი და რატომ მოსწონდა წელს ზემოთ შიშველი ფოტოების გადაღება და მედიაში გავრცელება, რუსეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა - "როდესაც შვებულებაში ვარ, ბუჩქების უკან დამალვის აუცილებლობას ვერ ვხედავ და ამაში ცუდი არაფერია“.