"ინფიცირებულთა რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგებულია" - კორონავირუსის შემთხვევების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

"ინფიცირებულთა რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგებულია" - კორონავირუსის შემთხვევების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსული ინფექციის დადასტურების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, მე-15 საბავშვო ბაღში კოვიდ-19 ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, გეგმური ტესტირებისას, ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-14 ბაღში.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, გასამმაგდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა.

"ბოლო სამი დღის განმავლობაში, საკმაოდ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ფაქტობრივად, გასამმაგებულია. 5 ერთეული შემთხვევა გამოვლინდა გორის ორ საბავშვო ბაღში, ერთგან ინფიცირების 4 ფაქტი დადასტურდა, მეორე ბაღში კი -1 შემთხვევა. ბუნებრივია, ორივე საბავშვო ბაღს მიეცა ფუნქციონირების დროებით შეჩერების რეკომენდაცია.

შემთხვევათა მატების ფონზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, დაიცვან მოქმედი რეკომენდაცია და ატარონ პირბადე, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, დარჩეს სახლში და მოერიდოს ხალხთან კონტაქტს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.