ავტორი:

გარდაცვლილი მიგრანტებით სავსე სატვირთოს მძღოლი და მისი თანამზრახველი დააკავეს - მათ სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

გარდაცვლილი მიგრანტებით სავსე სატვირთოს მძღოლი და მისი თანამზრახველი დააკავეს - მათ სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

მძღოლი, რომელმაც ტეხასის შტატში ცხედრებით სავსე სატვირთო მანქანა მიატოვა, მიგრანტთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.

ჰომერო ზამორანო, სან ანტონიოში, სატვირთო მანქანის მახლობლად, ბუჩქებთან იმალებოდა და თავს ერთ-ერთ გადარჩენილ მიგრანტად აჩვენებდა, როცა ის პოლიციამ დააკავა.

მან გაუსაძლის სიცხეში, კონდიცირების გარეშე, უწყლოდ დატოვა მიგრანტები. ეს მიგრანტთა ვაჭრობით ყველაზე სასტიკი ინციდენტია აშშ-ის ისტორიაში.

მექსიკის საიმიგრაციო სამსახურის მაღალჩინოსნის თქმით, ბრალდებული მძღოლი, ზამორანო, რომელიც ტეხასიდან არის, "ცდილობდა თავი გადარჩენილ მიგრანტად მოეჩვენებინა."

კიდევ ერთი პირი, კრისტიან მარტინესი, შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. პროკურორების თქმით, ზამორანოს და მარტინესს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მიგრანტების მექსიკიდან აშშ-ში გადაყვანას ერთად გეგმავდნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, უარეს შემთხვევაში კი - სიკვდილით დასჯა. კიდევ ორი ადამიანი, რომელიც ტრაგედიასთანაა დაკავშირებული, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავეს.

თავდაპირველად, ახლომახლო მომუშავე ადამიანმა გაიგო, როგორ ითხოვდა სატვირთო მანქანაში გამომწყვდეული ხალხი შველას. მოგვიანებით, როცა პოლიციამ კარი გააღო, მასში მყოფი ყველა მიგრანტი უგონოდ იყო. აქ მყოფთაგან მხოლოდ ათამდე ადამიანი სუნთქავდა. დაღუპულთა რიცხვი საბოლოოდ 53-მდე გაიზარდა.

ტრაგედიის ადგილზე, გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, მემორიალი გაკეთდა, სადაც ტეხასის ადგილობრივი მაცხოვრებლები შეიკრიბნენ. "ეს ამბავი გულს მიკლავს, რადგან ჩემს ოჯახსაც მსგავსი რამ აქვს გამოვლილი",- ამბობს ვერონიკა ვასკესი AFP-სთან საუბარში. ადგილზე, მგლოვიარე ვიზიტორებმა წყლის ბოთლებიც დატოვეს.

გარდაცვლილთა შორის, დაახლოებით 27 ადამიანი მექსიკიდან იყო, 14 - ჰონდურასიდან, შვიდი გვატემალიდან და კიდევ ორი ადამიანი სალვადორიდან. გარდაცვლილთა შორის არიან 13 და 14 წლის გვატემალელი ბიჭები, რომელთაც სახლი, სიღარიბისგან გასაქცევად, ორი კვირის წინ დატოვეს.

"სატვირთოში მყოფი პირები მძაფრი ნივთიერებით გაჟღენთილი იპოვეს. ეს იმ მეთოდის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთი კონტრაბანდისტი იყენებს ადამიანის სუნის დასაფარად, რათა საპატრულო ძაღლებმა არ იპოვონ." - დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა