ავტორი:

რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"

რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"

"შმიგალი ზელენსკის იდეალური პრემიერ-მინისტრი იყო, ომამდე..." - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა telegraf.com.ua, სადაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრამდე საუბარია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იბან ბაკანოვის გათავისუფლებაზეც. ამის შესახებ "პოლიტიკო" წერს. გამოცემის ცნობით, მისი გათავისუფლება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას უკავშირდება.

"ზოგადად მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა და დენის შმიგალის გათავისუფლება, შესაძლოა, შემოდგომისთვის გადაწყდეს... მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის შემცირება იგეგმება. კერძოდ, საუბარია, 20-დან 12 მინისტრის დატოვებაზე, რომლის ფარგლებშიც, შმიგალთან ერთად, თანამდებობის დატოვება მოუწევს რამდენიმე არაეფექტურ მინისტრსაც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა უკვე განიხილავს უკრაინის ახალი პრემიერის შემცვლელის კანდიდატურას. ყველაზე თვალსაჩინო წინაპირობა, რაც მმართველი გუნდის დათხოვნას უძღოდეს წინ, არის საწვავის დეფიციტი, რისი სწრაფად მოგვარებაც ტოპ-ჩინოვნიკებმა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი სანდო წყარო ჰყვება, რომ გუნდში უკვე იგრძნობა გაღიზიანება და "ადრე თუ გვიან, ეს მმართველობის დაშლას გამოიწვევს".

მისივე თქმით, ნეგატიური განწყობის ფონზე, შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტის მეთაური დენის შმიგალი თავად წავიდეს. კიდევ ერთი წყარო ადასტურებს, რომ შმიგალის წასვლაზე აქტიურად მსჯელობენ და მის ადგილზე ხუთი კანდიდატურას განიხილება - ესენია: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე როსტისლავ შურმა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის სამინისტროს მეთაური იური სვირიდენკო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსანდრე კუბრაკოვი, დიასპორებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი ალექსეი ჩერნიშევი და თავდაცვის მინისტრის ალექსანდრე რეზნიკოვი...

"თუმცა, წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკი შეცვალოს. ზელენსკის გარემოცვას პრეტენზიები აქვს კულტურის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩენკოსთან, სოციალური საკითხების სამინისტროს მეთაურთან მარინა ლაზებნასა და საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრი კულებასთან" - წერს გამოცემა.

გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არ არის გამორიცხული, მინისტრთა კაბინეტის რეფორმის შესაძლო პროექტი, 4 ივლისს შვეიცარიაში წარმოადგინონ, სადაც უკრაინის "მარშალის გეგმის" წარდგენის საინვესტიციო კონფერენციაა დაგეგმილი. სტრატეგია ითვალისწინებს სამინისტროების 20-დან 12-მდე შემცირებას, რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა, რეგიონული განვითარების სამინისტრო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაერთიანდეს, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო კი, კულტურისა და განათლების სამინისტროს შეურთდეს.

უკრაინელები მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და გათავისუფლებებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ნაწილის მოსაზრებით, "ომის დროს რეორგანიზაციების დრო ნაკლებად არის, თუმცა თუ კითხვები არსებობს, პასუხები უნდა გაეცეს. კითხვები კი, კონკრეტულად საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობს".

სხვების მოსაზრებით, "უკრაინას ცუდი მემკვიდრეობა აქვს, როგორც ბიუროკრატიის, ასევე კორუფციისა და ნეპოტიზმის მხრივ, ამიტომ "ახალი სისხლი", თუკი ის ნამდვილად ახალია, ყოველთვის საინტერესოა".

მთავარი ფოტო: telegraf.com.ua