პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა "ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”.
"რაც შეეხება გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს, ყველამ იცის ამ ინციდენტის დეტალები, რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი; ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.
"ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის დონეზე გაეცა შესაბამისი პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, "ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. "ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ "ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.