ავტორი:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

"სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა“, - განაცხადა კობახიძემ.

  • მისივე თქმით, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, "რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს", - ამბობს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

კობახიძის განმარტებით, თავად ოპოზიციური ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის ლიდერების ზარებს არ პასუხობდა, რითაც ქვეყნის პოლიტიკაში არ ერეოდა.

"ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ.

გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც არ აკმაყოფილებს ეს ადამიანი, განსხვავებით რამდენიმე სხვა ადამიანისგან, რომლებსაც აქვთ თანხა და პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკასა, თუ მედიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.