ავტორი:

"უმუშევრების არმიას კიდევ ბევრი დაემატება… მოსკოვმა გვითხრა, დროა, თქვენს თავებს მიხედოთო" - რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს: როგორია "ხელმძღვანელობისა" და მოსახლეობის პოზიცია?

"უმუშევრების არმიას კიდევ ბევრი დაემატება… მოსკოვმა გვითხრა, დროა, თქვენს თავებს მიხედოთო" - რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს: როგორია "ხელმძღვანელობისა" და მოსახლეობის პოზიცია?

"აფხაზეთი რუსეთიდან დაფინანსების შემცირების მოლოდინშია" - ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მათი ცნობით, საუბარია ე.წ. საჯარო უწყებებში, განგებ გაზრდილ და გაბერილ შტატებზე, სადაც ამა თუ იმ დეპარტამენტის თანამშრომლებს ოჯახის წევრები და ახლობლები ჰყავთ დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა "სამინისტროები" და სხვა საჯარო უწყების თანამშრომლები გააფრთხილა, რომ რუსეთი შეამცირებს დაფინანსებას თუ "საშტატო ერთეულებში" თანამშრომლების რაოდენობა არ შემცირდება.

Ekhokavkaza.com-ის ცნობით, ანქვაბი აქცენტს აკეთებს "საბიუჯეტო ორგანიზაციებში არსებულ განუკითხაობაზე".

"ამ მხრივ გამორჩეულია ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოები" - ამბობს ანქვაბი, რომლის თქმითაც, წლის ბოლომდე ვითარება თუ არ გამოსწორდა, "საბიუჯეტო დაფინანსების" საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, იმიტომ, რომ "ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელთაც 6-9 საბიუჯეტო ბარათი აქვთ და შესაბამის მომსახურებასა და პრივილეგიებსაც იღებენ".

ე.წ. ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზანი რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების მონიტორინგია.

"ზოგჯერ შრომის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით არაკვალიფიციური დამოკიდებულება გვაქვს. სწორედ ეს აჩვენა მონიტორინგის საქმიანობამ. ამიტომ, მომავალი წლიდან მოხდება თანადაფინანსების პროცენტული ცვლილება, რაც იმითაც აიხსნება, რომ თანადაფინანსების კუთხით უნდა გავზარდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის წილი. რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხები 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება" - აცხადებს დელბა.

როგორც ანქვაბი განმარტავს, საქმე იმაშია, რომ ადგილობრივები შვიდ-რვა ადგილას არიან გაფორმებულები და ხელფასსაც იღებენ, თუმცა ზოგი მათგანი არც არასდროს მისულა სამსახურში.

"ეს ადამიანები თვეში 70-80 ათას რუბლს იღებენ, ეს მაშინ, როდესაც მათ გვერდით მართლაც მთელი ძალისხმევით მუშაობენ ადამიანები, რომელთაც თვეში მხოლოდ 4-6 ათასი რუბლი აქვთ და ეს კოვიდის დროს განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა. მსგავსი მაგალითები გვაქვს ჯანდაცვის, სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროებში, შემიძლია გავაგრძელო..." - აცხადებს ანქვაბი და ე.წ. მინისტრებს მოუწოდებს, თავიანთ აპარატებში ვითარება მოაწესრიგონ.

არსებული ცნობით, 2005 წლიდან, აფხაზეთმა რუსეთიდან დაახლოებით 67 მილიარდი რუბლი მიიღო დახმარების სახით, ოღონდ ამაში არ შედის, საპენსიო ფონდი.

ადგილობრივები ამ შეზღუდვასა და რეორგანიზაციას კრიტიკულად შეხვდნენ, რადგან მათი თქმით, ეს ასობით ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს.

"ყველამ ხომ ვიცით, რომ ქვეყანაში 30 წელზე მეტია ფაქტობრივად, არაფერი იქმნება, ამიტომ ადგილობრივები ასეთი სახის ბიუჯეტურ სამსახურებში არიან დასაქმებული და ეს არის მათი შემოსავალი. რუსეთს ახლა უჭირს და პირდაპირ აღიარებაც არ უნდა, ამიტომ შორიდან შემოგვიარა. ადრე ხომ გვითხრეს, დროა თქვენს თავს მიხედოთო, ნამდვილად არის დრო, მაგრამ ასე უცებ ვერაფერს ვიზამთ, ეს კი ნიშნავს, რომ უმუშევრების არმიას კიდევ ბევრი დაემატება" - წერს ლელი ჩანბა.

"რამდენიმე დღის წინ, მშობიარე ქალმა სამშობიარო სახლში ჩვილი დატოვა. იპოვეს და დააპატიმრეს, რა დროსაც მან თქვა, რომ ბავშვის რჩენის თავი არ ჰქონდა და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება... ველოდოთ, რომ ასეთი და უარესი ფაქტები კიდევ გაიზრდება", - მიაჩნია ალიკა დარჩიას.

"იმ დასაქმებული ადამიანებიდან, ნაწილი არც კი იღებდა იმ ე.წ. ხელფასებს, ვინც დაასაქმა ისინი ხეირობდნენ, ამიტომ კარგი იქნება თუ ანქვაბი ზემოდან დაიწყებს რეორგანიზაციას", - წერს ემზარ კვიცინია.