ავტორი:

"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"ჯერ დეპოლარიზაცია და ამის შემდეგ საარჩევნო ბარიერის დაწევა და არა პირიქით - ბარიერის დაწევა, როგორც დეპოლარიზაციის წინაპირობა ან დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი. დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ბარიერის 2%-მდე დაწევას გულისხმობს.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა, თუმცა “პოლარიზაციის შემცირება ვერავინ შეატყო“.

ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი ღიაა და ის მმართველ გუნდს არ დაუხურავს.

"პოლიტიკური დისკუსიის პრობლემაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვა განხილვის ფორმატში აბსოლუტურად სხვა თემები შემოიტანოს. ევროპული კომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან არც ერთი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეხება.

ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია, 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება დეპოლარიზაციის მიზნით, მაგრამ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება - ეს რომ ვინმეს სდომოდა, პირდაპირ იტყოდა. იქ, სადაც ევროპულმა კომისიამ საჭიროდ ჩათვალა, გარკვეული საკითხები შარლ მიშელს შეთანხმებიდან გადმოიტანა და რეკომენდაციებში ჩაწერა. ასეთია გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული საკითხი. სხვა საკითხები არ არის. ამიტომ მანიპულაციას წერტილი უნდა დაესვას და არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, ის საკითხები შემოიტანონ, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.