ავტორი:

დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალების ეკონომიკურად გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყო - გაიგეთ დეტალები

დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალების ეკონომიკურად გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყო - გაიგეთ დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის CR & PR მენეჯერი, მარკეტერი თამთა ასლანიშვილი დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალებისა და ახალბედა დედების მხარდასაჭერად და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად ახალ პროექტს Mama Bono-ს იწყებს. პროექტი „დედები დედებისთვის“ კონცეფციის მატარებელია და ის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თამთა ასლანიშვილი ამჟამად თავადაც დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედაა, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა არ შეუწყვეტია და სურს სხვა დედებსაც იმავეში დაეხმაროს.

„პროექტის დაწყება 2021 წლის ივლისში გადავწყვიტე. ამ დროს თავადაც 9 თვის ორსული ვიყავი და დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ვაპირებდი, თუმცა Pro Bono-ს ფარგლებში მაინც მიწევდა ერთ-ერთი სოციალური საწარმოსთვის მოხალისეობრივი დახმარება. ამ პერიოდში CRRC-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა ხოფერიამ გაგვიზიარა ინფორმაცია იაპონიაში მიმდინარე პროექტის Mama Bono-ს შესახებ. ის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას გულისხმობდა. ვიფიქრე, რომ მისი განხორციელება საქართველოშიც საინტერესო იქნებოდა, რადგან დედებს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა ხშირად უჭირთ,“ - განმარტავს თამთა ასლანიშვილი.

პროექტზე მუშაობა თამთას ხელმძღვანელობით MBC-მ და CRRC-მ ერთობლივად დაიწყო, თუმცა მუშაობის პროცესში იაპონელების მიერ მოფიქრებულმა პროექტმა გარკვეული ცვლილება განიცადა. როგორც პროექტის ავტორი გვიყვება, იაპონელების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქალებს დეკრეტულ შვებულებაში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ გასვლა და შემდეგ უკან ეკონომიკაში დაბრუნება უჭირთ. ამიტომ პროექტის ფარგლებში ისინი კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალურ საწარმოებს და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. საქართველოში კი ქალებს განსხვავებული გამოწვევები აქვთ. აქ ხშირად დედებს საერთოდ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ. შესაბამისად, საჭირო სამუშაო გამოცდილება ვერ უგროვდებათ, რომ შვილების წამოზრდის შემდეგ აქტიური ეკონომიკური საქმიანობა დაიწყონ. მათ კონკრეტული ახალი უნარების შესწავლა სჭირდებათ, რაც მარტივი არაა.

„გადავწყვიტეთ, საქართველოში სახეცვლილი ფორმით განგვეხორციელებინა პროექტი. ეს არის „დედები დედებისთვის“. დედები, რომლებიც დღეს ეკონომიკაში აქტიურად არიან ჩართულები, გადაამზადებენ, ჩაატარებენ ტრენინგებსა და ვორქშოფებს იმ დედებისთვის, რომლებიც დღეს ეკონომიკურ საქმიანობაში არ არიან აქტიურად ჩართულები, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ. მათთვის დაიგეგმება ტრენინგები, სასწავლო კურსები, რომლის შემდეგაც სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირების მოძებნაში დავეხმარებით. საქართველოში ეს პროექტი სოციალური ხასიათის იქნება, რადგან გადამზადება სრულიად უფასოა. პირველ წელს MBC სრულად აფინანსებს ხარჯებს. შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა კომპანიების ჩართულობის იმედი გვაქვს,“ - განმარტავს თამთა ასლანიშვილი.

პროექტის საწყის ეტაპზე, ვიდრე კონკრეტული ტრენინგებისა და ვორქშოფების დაგეგმვა მოხდება, სპეციალური კითხვარების შევსება მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, პროექტში პოტენციურად მონაწილე დედების შესახებ გვჭირდება გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია. უნდა განვსაზღვროთ მათი საჭიროებები და შესაბამისად დავგეგმოთ მათი გადამზადების საკითხი. ამ მიზნით, კითხვარების შევსება მიმდინარებს. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა დედამ მიიღოს მონაწილეობა, შეავსოს და საკუთარი საჭიროებების შესახებ გაგვიზიაროს ინფორმაცია. შედეგად ჩვენ უკეთ დავგეგმავთ ტრენინგებსაც და სტაჟირებასაც. გვექნება შეთავაზებები მათთვისაც, ვისაც ფიზიკურ სივრცეში ტრენინგებზე დასწრება და მუშაობა არ შეეძლება იმიტომ, რომ ბავშვს ვერ ტოვებს. ამ ყველაფრის განსასაზღვრად მოვუწოდებთ ყველას, რომ კითხვარი შეავსონ,“ დაამატა თამთამ.

პროექტი Mama Bono თავდაპირველად იაპონიაში განხორციელდა. ეს არის Pro Bono სერვისის ინოვაციური ფორმა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედებისთვის. პროექტის ფორმატი პილოტირებულია გლობალური Pro Bono ქსელის წევრი იაპონური ორგანიზაციის მიერ. ამჟამად ის ხორციელდება ესპანეთშიც.

ზოგადად, საქართველოში Pro Bono პროექტების კოორდინირებასა და მედიაციას CRRC ახორციელებს. კომპანია 2015 წელს გახდა საქართველოში Pro Bono ქსელის დაარსების ინიციატორი. ქსელი დღეს 22 კომპანიას აერთიანებს და მათ შორისაა MBC-ც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია და ამჯერად Mama Bono-ს განხორციელების ინიციატორია.

„Pro Bono-ს საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთ შეკრებაზე იაპონურმა კომპანიამ გაგვაცნო პროექტი Mama Bono. ძალიან საინტერესოდ მეჩვენა და შემდეგ ქართული ქსელის წევრებს გავუზიარე ინფორმაცია. თამთა ასლანიშვილი ძალიან დაინტერესდა პროექტით და მისი საქართველოს რეალობაზე მორგებული ვერსიის განხორციელება დავიწყეთ. პროექტს ესპანური ორგანიზაციაც ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენ, იაპონელები და ესპანელები მუდმივ კოორდინირებასა და გამოცდილების გაზიარების პროცესში ვართ. ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინიციატივაა. მნიშვნელოვანია, რომ კარგად ამუშავდეს და დადებითი შედეგი მოიტანოს ქალების გაძლიერებისთვის,“ - განმარტავს CRRC-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა ხოფერია.

კითხვარის შევსება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.

R