ავტორი:

"ორი პიჯაკიანი ფანტაზიორის შეხვედრა..." - რატომ ჩავიდა პუტინის მრჩეველი აფხაზეთში? ადგილობრივების მწვავე კრიტიკა ბჟანია-მასლოვის შეხვედრაზე

"ორი პიჯაკიანი ფანტაზიორის შეხვედრა..." - რატომ ჩავიდა პუტინის მრჩეველი აფხაზეთში? ადგილობრივების მწვავე კრიტიკა ბჟანია-მასლოვის შეხვედრაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა უწოდებს, ვლადისლავ არძინაბს სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დასათვალიერებლად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტაჟიანი თანამშრომელი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი, იგორ მასლოვი ჩავიდა. აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რეგიონის მოსახლეობას არწმუნებს, რომ მასლოვი აეროპორტის აღდგენით პირადად არის დაინტერესებული.

ამის შესახებ აფხაზური გამოცემა apsnypress.info/ru წერს. მისივე ცნობით, მასლოვი ოჩამჩირის რაიონში ასლან ბჟანიასთან ერთად იმყოფებოდა. ბჟანიას ცნობით, ის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსად დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში პირველად ჩავიდა.

"აფხაზეთში არსებული ვითარება საკუთარი თვალით უნდა, რომ ნახოს... ის მეთვალყურეობს აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ საინვესტიციო პროგრამებს და შესაბამისად, მისი ინტერესი უსაფუძვლო არ არის. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ ბედიისა და მოქვის ტაძრები, რამაც ბატონი მასლოვი აღაფრთოვანა და აღნიშნა, რომ ასეთი სილამაზე აქამდე არ უნახავს. იმედი მაქვს, ჩვენ სტუმარი ჩაფიქრებული საქმეების განხორციელებაში დაგვეხმარება..." - განაცხადა ბჟანიამ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მასლოვი ბჟანიასთან ერთად სოხუმის აეროპორტში გახსნილ ღვინის ქარხანა Abxazvinos-საც ესტუმრა და მთლიანი პროდუქციის რუსეთში რეალიზების პირობებზე ისაუბრა.

ცნობილია, რომ იგორ მასლოვი კრემლის დივერსიული პოლიტიკისთვის რუსეთის მოსაზღვრე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ პასუხისმგებელი პირია. ის ასევე ცნობილია, როგორც პუტინის მრჩეველი მოლდოვასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მასლოვი, როგორც პუტინის გარემოცვის ახლო წევრი, აპრილის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ სანქციაში შეყვანილი პირების სიაში აღმოჩნდა. ამავე სიაში არიან პუტინის ორი ქალიშვილი - ეკატერინა ტიხონოვა და მარინა ვორონცოვა.

აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს აეროპორტის აღდგენის საკითხის, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ახლა მასლოვსა და მის არაერთ კოლეგას დასავლეთმა სანქციები დაუწესა, რაც ნიშნავს, რომ მათ სამოქმედო არეალი შეეზღუდათ და შესაძლოა, "მცირედი ულუფებითაც დაინტერესდნენ"...

abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ აეროპორტის აღდგენას კოლოსალური თანხები სჭირდება და რუსეთი ახლა ამის გადამხდელი არ არის...

"რაც აფხაზეთში ვცხოვრობ, მას შემდეგ პირველად გავიგე, რომ აეროპორტი გვაქვს. ორი ფანტაზიორი შეხვდა ერთმანეთს, ერთი ამბობს ტერმინალი გადაიხედება, მეორე ამბობს, რომ საფრენ ბილიკებს გადახედავს... შეიძლება სიცილით მოკვდე, ოღონდ სიმწრის... ამ დღეებში ხალხი ლამის ჭკუიდან შეიშალა ბენზინის უკიდურესად მაღალი ფასის გამო, ერთი კაცი რამდენიმე კვირა შიმშილობდა, რომ რაღაც კაპიკები მაინც დაეკლო საწვავისთვის და ორი პიჯაკიანი ფანტაზიორი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ვითარდება, ხალხი კარგად ცხოვრობს, თვითმფრინავები სოხუმის აეროპორტიდან მალე ცაში აფრინდებიან, ასევე იტალიელები რკინიგზის სადგურს გაარემონტებენ, რუსეთი კი, იმიტომ გვიწყვეტს დაფინანსებას, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია არსებობა, ყველანი თავადები ვართ და მუშაობა არ გვეკადრება... რამე თუ გამომრჩა, შემახსენეთ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი.

"კორუფციონერ მასლოვს ფულის მეტი რა აქვს, მაგრამ არ ჩადებს რუსეთი აფხაზეთში დიდ ინვესტიციას, მით უფრო ახლა, როდესაც მან დამოუკიდებლობა ეროვნულ დოქტრინად გამოაცხადა. უძრავი ქონების მათ გემოზე შეძენის უფლება არ აქვთ და ეს აღიზიანებთ, თორემ სხვა რეალობა გვექნებოდა... ამიტომ, ასეთი ინვესტიციები მათთვის უპერსპექტივოა. მეტიც, შეეცდებიან, უფრო მეტად გამწვავდეს სიტუაცია, მოსახლეობამ თავად გაძარცვოს, დაშალოს და გააცამტვეროს აქაურობა და შემდეგ უფრო გაჩნდება სურვილი - მეტი დაუთმონ, ცოტას სანაცვლოდ", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ილია მიქაია.