ავტორი:

"ლუგანოს დეკლარაცია" - რას გულისხმობს უკრაინის აღდგენის 3-ეტაპიანი გეგმა, რომლის გარშემოც მსოფლიოს 40 ქვეყანა გაერთიანდა და როგორ აპირებენ დანგრეული ქალაქების აშენებას

"ლუგანოს დეკლარაცია" - რას გულისხმობს უკრაინის აღდგენის 3-ეტაპიანი გეგმა, რომლის გარშემოც მსოფლიოს 40 ქვეყანა გაერთიანდა და როგორ აპირებენ დანგრეული ქალაქების აშენებას

შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, სადაც მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა "ლუგანოს დეკლარაციას", რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შედეგად დანგრეული ქალაქების აღდგენას ისახავს მიზნად.

დეკლარაციის თანახმად, მსოფლიოს ცივილური სამყარო გაერთიანდა და ომისგან განადგურებული ქალაქების აღდგენის ვალდებულება იკისრა. "ლუგანოს დეკლარაციაზე" ხელმომწერებს შორის არიან საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია და სხვები.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციაში ვირტუალურად მონაწილეობდა. მისი თქმით, რუსული ძალებისგან მიღებული ზიანი უკრაინისთვის კოლოსალურია.

უკრაინის აღდგენას წინასწარი გათვლებით, ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. დადგენილია, რომ დაზიანებულია მინიმუმ 45 მილიონი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი, 256 საწარმო, 656 სამედიცინო დაწესებულება, 1177 სასწავლო დაწესებულება.

ომისგან დანგრეული ქალაქების აღდგენას მილიარდობით დოლარი დასჭირდება

"დეკლარაციის თანახმად", ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის აღმშენებლობისთვის შექმნის ფონდს, სადაც ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინვესტიციები გაერთიანდება და უკრაინის განვითარებას მოხმარდება.

კადრი ლუგანოში გამართული კონფერენციიდან

  • ლუგანოში, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამეტაპიანი აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი (718 მილიარდი ევრო) სჭირდება.

შმიგალის თქმით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდ დოლარზე მეტი (96 მილიარდი ევრო) პირდაპირი ზიანი მიადგა. უკრაინის პრემიერი მიიჩნევს, რომ აღდგენის გეგმის დაფინანსების ძირითადი წყარო, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს.

დენის შმიგალი შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთად

  • შმიგალის სამეტაპიანი გეგმა პირველ რიგში, ითვალისწინებს ხიდებისა და წყალმომარაგების დროებით აღდგენას. 2023 წლიდან 2035 წლამდე სკოლები, საავადმყოფოები და სახლები უნდა აღდგეს. ბოლო ეტაპი კი უკრაინას თანამედროვე, მწვანე, ციფრულ ეკონომიკაში გადაიყვანს.

დეკლარაციის არსის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსს" შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი ესაუბრა და მან თქვა, რომ ამ დეკლარაციის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ასობით მილიარდი დოლარის მოზიდვას, არის "უკრაინის აღდგენის გზაზე გრძელი მოგზაურობის პირველი ნაბიჯი."

ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ აღდგენის შესახებ დეკლარაციის შემუშავების პარალელურად, მოკავშირე ქვეყნები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატარონ რეფორმები - "გააძლიერონ კანონის უზენაესობა და აღმოფხვრან კორუფცია."

  • უკრაინის აღდგენის საკითხში აქტიურადაა ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ გაერო უკვე ამზადებს საფუძველს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის.

"სახლების, სკოლების, საავადმყოფოების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანისა და განადგურების აღდგენას წლები დასჭირდება. გაერო მზადაა იმუშაოს უკრაინის აღდგენისა და განვითარების გეგმაზე“ - აცხადებს გუტერეში.