ავტორი:

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ არის მომატებული... შემოდგომაზე პიკის მოლოდინი არსებობს" - ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ არის მომატებული... შემოდგომაზე პიკის მოლოდინი არსებობს" - ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის, კვირის განმავლობაში 2500 შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა მატების კვალდაკვალ აუცილებლად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.

"შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა ცუნამის მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს. ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, "ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი რეკომენდაცია არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის მაქსიმალურად არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და რაც მთავარია, ვაქცინაცია.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, აუცილებელია იმ ადამიანების ვაქცინაციის გააქტიურება, რომლებსაც მესამე დამატებითი "ბუსტერ“ დოზა არ გაუკეთებიათ. მისი ინფორმაციით, "ბუსტერ“ დოზა ქვეყანაში მხოლოდ 260 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.

ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდება, შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირების პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს.

"ჯერჯერობით, ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები სტაბილური გახდეს, თუმცა თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, თუ ორი კვირის წინანდელ სტატისტიკას შევადარებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.