ავტორი:

"დადებითობის მაჩვენებელი სერიოზულად გაიზარდა... შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას აცრა გაუკეთებს" - რას ამბობს გამყრელიძე ახალ ქვეშტამებზე და ეპიდვითარებაზე?

"დადებითობის მაჩვენებელი სერიოზულად გაიზარდა... შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას აცრა გაუკეთებს" - რას ამბობს გამყრელიძე ახალ ქვეშტამებზე და ეპიდვითარებაზე?

დადებითობის მაჩვენებელი სერიოზულად გაიზარდა - გუშინ დილით 621 ახალი შემთხვევა გვქონდა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის ინტენსივობა სერიოზულად გაიზარდა, რეპროდუქციის ინდექსი, 2.36%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი კი დიდი ხანია, რაც ქვეყანაში არ ყოფილა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხების პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 5%-ს მიუახლოვდა.

"ბოლო 2 კვირაა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება შეიცვალა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 2 თვე კვირაში ერთხელ ჯამდებოდა ეპიდვითარება და საკმაოდ წყნარი იყო. ჩვენ, დღიურად გვქონდა 30-50 ინფიცირება, კვირის მაჩვენებელი კი 100-200 შემთხვევას არ ცდებოდა.

დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი 1%-ზე დაბალი იყო. ბოლო ორი კვირაა, რაც ყოველკვირეული შემთხვევები ორმაგდება. სამშაბათსაც 2570 შემთხვევა გვქონდა. ოთხშაბათს, დილით დღიური 621 შემთხვევა გვქონდა, რაც სერიოზულია.

ჰოსპიტლების დატვირთვა მაღალი არ არის, 7-8%-ს შეადგენს. თუმცა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია. დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 4-5%-ს მიუახლოვდა. სერიოზულად არის გაზრდილი ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელიც. სერიოზულად გაიზარდა რეპროდუქციის ინდექსი, 2.36% იყო გუშინ, დიდი ხანია, რაც ასეთი მაღალი არ გვქონია. ეს ძირითადად განპირობებულია ახალი ქვეშტამის BA.4 და BA.5-ის ცირკულაციით, რათა მაღალი გადადებით ხასიათდებიან.

საბედნიეროდ, ეს ქვეშტამი არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე მისი წინამავალი შტამები. ყველაზე მძიმე ინდიკატორი ჯერ არ არის გაზრდილი, თუმცა, ეს ყველაფერი საყურადღებო და საფრთხილოა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს.

"ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით „ბუსტერი“,- განმარტავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, იმუნიზაციის არსებული ტემპით, საქართველოში იმუნური ფენის მაჩვენებელი, შესაძლოა, 85%-დან 60%-ზე დაბლა ჩამოვიდეს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს.

"სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ ახლა, იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა",- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.