ავტორი:

პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები

პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ერთადერთი ლიდერია რუსეთის მოკავშირეებს შორის, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მოედანზევე გაბედა და რუსი დიქტატორის პოლიტიკის საწინააღმდეგო პოზიცია ხმამაღლა გაახმაურა.

უცნობია, განიხილავს თუ არა ყაზახეთის პრეზიდენტს პუტინი კვლავ მოკავშირედ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

  • რა თქვა თოყაევმა?

17 ივნისს, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, თოყაევი და პუტინი გვერდიგვერდ ისხდნენ, როცა RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს ჰკითხა, რას ფიქრობდა უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციაზე.“ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი თოყაევმა რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთიც“ ახსენა.

ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აღიარებს "სამხრეთ ოსეთს“, აფხაზეთს და ასევე, კვაზ სახელმწიფოებს - დონეცკსა და ლუგანსკს.

გამოთვლილია, რომ თუკი ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო წამოიქმნება. რა თქმა უნდა, ქაოსი იქნება. ამ მიზეზით ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც "სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი,- განაცხადა თოყაევმა.

2019 წელი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას

  • თოყაევის უარი რუსეთს ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე

თოყაევის გამბედავი განცხადების შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ის უარს ამბობს როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო ჯილდოების მიღებაზე პრეზიდენტობის განმავლობაში.

სწორედ ამ მიზეზით უთხრა თოყაევმა რუსეთს უარი რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე.

ყოველივე ხდება იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ პუტინმა თოყაევის დასახმარებლად ყაზახეთში რუსი სამხედროები გაგზავნა. 2022 წლის იანვარში, როდესაც ყაზახეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა, თოყაევმა დახმარება ვლადიმერ პუტინს სთხოვა და პუტინმაც ყაზახეთში სამხედრო ძალა გაგზავნა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინი ყაზახეთს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ განიხილავდა.

თუმცა დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თოყაევის დიპლომატიური უნარების წყალობით, ბოლო წლებში ის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტი "გამოიყენა."

  • თოყაევის მცდელობა, რომ ევროპაში რუსული ნავთობი ჩაანაცვლოს ყაზახურმა

თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ვითარების სტაბილიზებისთვის თანამშრომლობა შესთავაზა. რუსეთში კი ამას აღიქვამენ, როგორც თოყაევის მცდელობას, რომ ევროპაში ყაზახურმა ნავთობმა რუსული ჩაანაცვლოს, რასაც უკვე მოჰყვა რუსეთის მხრიდან რეაგირება.

2021 წელს თოყაევი შარლ მიშელს შეხვდა და მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ისაუბრეს

  • სასამართლო და რუსეთის პასუხი თოყაევის შეცვლილ პოლიტიკაზე

ნოვოროსიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 დღით შეჩერდა იმ ნავთობტერმინალის მოქმედება, რომლითაც ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის 80%-ის ექსპორტი ხორციელდება. საუბარია კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის ნავთობტერმინალზე.

  • ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიური წარსული

თოყაევი 1953 წელს, ყაზახეთის მაშინდელ დედაქალაქ ალმათში დაიბადა. მისი მამა დეტექტივების ჟანრის მწერალი იყო. დედა უცხო ენების ინსტიტუტში მუშაობდა.

1970-იან წლებში თოყაევი სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, რის შემდეგაც მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო მისიებში ჩინეთსა და სინგაპურში. გარდა ყაზახური და რუსული ენებისა, თოყაევი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და ჩინურ ენებზე, ასევე ფლობს ფრანგულ ენას. თოყაევი დიპლომატიის მასტერად მიიჩნევა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მას პატივს სცემენ საერთაშორისო დონეზეც და ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან, გამოცდილ დიპლომატად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია ურთიერთობების ნორმალიზება და ბალანსირება ყველა დიპლომატიურ ფრონტზე.

წარსულში მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან დიპლომატიურ თანამდებობაზე. 1994 წლიდან 1999 წლამდე იყო ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1999 წლიდან 2002 წლამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 2003 წელს თავის ძველ პოსტს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდა, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა.

2007 წლიდან 2011 წლამდე პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2011 წელს ჟენევაში, გაეროს ოფისის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა და ასევე გახდა გაეროს გენერალური დირექტორის მოადგილე.

როგორც გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, თოყაევი ამ თანამდებობაზე დანიშნეს ხელისუფლებაში მუშაობის უდიდესი გამოცდილებისა და იმის გამო, რომ კარგად ესმის განიარაღების საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური მოლაპარაკებების სირთულე და იცის პრობლემის გადაჭრის გზები.

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილი პოლიტიკა და დასავლური კურსი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თოყაევის მთავრობა აჩვენებს, რომ ადრინდელივით აღარ არის დამოკიდებული მოსკოვზე და საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას ცდილობს.

ყაზახეთის მთავრობაში აქტიურად დაიწყეს საუბარი ბირთვული იარაღის განადგურების აუცილებლობაზე. "ბირთვული შეიარაღების დაბრუნებაზე საუბრები და ურთიერთმუქარა უფრო მეტად გვაიძულებს დავფიქრდეთ ამ იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე", - განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხთარ ტლეუბერდიმ.

დასავლურ სამყაროსთან თანამშრომლობა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყაზახეთის პრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკას ატარებს და უფრო მეტად ცდილობს აშშ-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურობა მომავალშიც გაგრძელდება. ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა ევროპელ დიპლომატებს და ცნობილია, რომ ევროკავშირი ცენტრალურ აზიაში ამ ქვეყანას მთავარ პარტნიორად განიხილავს თოყაევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

პრეზიდენტი და მისი გუნდი ატარებს პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით მთელ რიგ რეფორმებს და ამით დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობს. ექსპერტთა შეფასებით, თოყაევი წარმატებით ატარებს ყაზახეთის მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას.

შარლ მიშელთან ერთად

პრეზიდენტ თოყაევის მიზანია ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების არა მხოლოდ ნორმალურ საფეხურს, არამედ მიაღწიოს გარღვევას და მსოფლიო არენაზე პოზიციები გაიმყაროს - სწორედ ეს არის "ახალი ყაზახეთის“ მთავრობის მიზანი.

  • ოჯახი, ბიზნეს ინტერესები და ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები

თოყაევი ცოლს, ნადეჟდა თოყაევას 2020 წელს დაშორდა. წყვილს საერთო ვაჟი, თიმური ჰყავს. იმ სოციალური უთანასწორობის ფონზე, რომელიც ყაზახეთშია, თოყაევი ცდილობს ისე წარმოჩინდეს, რომ მას არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ აქვს სიმდიდრე და ბიზნეს ინტერესები. უფრო მეტიც, მისი ხელისუფლების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკური გავლენების გამოყენებას ცდილობენ სიმდიდრის მოპოვების, შენარჩუნების და ბიზნეს ინტერესების წარმართვისთვის.

ძირითადად ეს ადამიანები თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის გარემოცვასთან დაკავშირებული პირები არიან.

მიუხედავად ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის ფინანსებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს. არსებული ინფორმაციით, თოყაევის ოჯახს აქვს ფინანსური საიდუმლოები. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის აღწერის პროექტის" (occrp.) ინფორმაციით, თოყაევის ოჯახი ფლობს ტბისპირა სახლებს, მდიდრულ აპარტამენტებს მოსკოვში, შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე დიდი რაოდენობით თანხას და გარდა ამისა, კომპანიებს ოფშორებში.

occrp-ს ცნობით, ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც ყაზახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობდა, თოყაევის მეუღლესა და მის შვილს შვეიცარიის საბანკო ანგარიშზე მილიონობით დოლარი ჰქონდათ. ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მათ გახსნეს ოფშორული კომპანიები 5 მილიონი დოლარის აქტივებით. ასევე იყიდეს ბინები ჟენევის ტბის მიდამოებში და მოსკოვში სულ მცირე 7.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

იხილეთ ასევე: