ავტორი:

"არ ვიზიარებ პოზიციას, რომ აზრი არ აქვს შეხვედრას" - ხათუნა სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრას დაესწრება

"არ ვიზიარებ პოზიციას, რომ აზრი არ აქვს შეხვედრას" - ხათუნა სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრას დაესწრება

როცა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს კონსულტაციას, არ ვფიქრობ, რომ უარი უნდა ვთქვათ მონაწილეობაზე, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია და საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი შეხედულებებით მე ვგეგმავ შევხვდე სპიკერს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს და თავად არ იზიარებს პოზიციას, რომ აზრი არ აქვს შეხვედრას, რადგან მისივე თქმით, თუ "არაფერს აქვს აზრი, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი".

სამნიძის თქმით, სურს პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბროს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რომელიც იქნება იმის ინდიკატორი, რამდენად მზად არის ხელისუფლება დეპოლარიზაციისთვის.

"თუ საუბარია ერთ- ერთი პუნქტის, დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაზე და თუ ხელისუფლება თვლის, რომ ერთ- ერთი ნაბიჯი არის ოპოზიციასთან საუბარი, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, რომელიც შესაძლოა იყოს და პირველი ინდიკატორი იმის, რომ ხელისუფლება გეგმავს გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

პარლამენტში მუშაობა ვფიქრობ, ნიშნავს საუბარს და თუ ვერ ვთანხმდებით საზოგადოებისთვის ამის შესახებ პოზიციების ღიად გაცნობას, მაგრამ შეხვედრამდე იმის თქმა, რომ აზრი არ აქვს, მე არ ვიზიარებ. ასჯერ თუ ვცადეთ და "ქართული ოცნება" არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უნდა ვცადოთ ორასჯერაც და სამასჯერაც.

ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. "სტრატეგია აღმაშენებელი" ამ შეხვედრას არ ესწრება კონკრეტული მიზეზების გამო, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ პოლიტიკა არის საუბარი და თუ საუბრის შემდეგ ვერ შედგა შეთანხმება, ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა რატომ არ დგამს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს. არ ვიზიარებ პოზიციას, რომ აზრი არ აქვს, თუ არაფერს აქვს აზრი, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი,"- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, ის არ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ სამუშაო კომისიებში.