ავტორი:

"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

რუსული პოლიტიკური ელიტა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას სიხარულით შეხვდა. ისინი ჯონსონს "სულელ ჯამბაზს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრიტანელ ლიდერს "თავისივე გაშვებული ბუმერანგი უკან დაუბრუნდა."

"მას ჩვენ არ მოვწონვართ და არც ჩვენ მოგვწონს ის“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნით ადრე, სანამ ჯონსონი გადადგომის შესახებ განაცხადებდა.

  • რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ "ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, "სადამდე მიიყვანთ ასეთი პოლიტიკა."

"კლოუნი მიდის, ის არის რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, სად მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა“, - აცხადებს ვოლოდინი.

ჯონსონის გადადგომას ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მარია ზახაროვა და ამბობს, რომ ჯონსონის დაცემა დასავლეთის დაცემის სიმპტომია. ზახაროვას თქმით, ბრიტანელი ლიდერის გადადგომა პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული.

"ამბის მორალი ასეთია - ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას, რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ. ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს“, - ამბობს ზახაროვა.

  • ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. გადადგომას წინ უძღოდა მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. თანამდებობების დატოვების სერია 5 ივლისს დაიწყო. პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით.

ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს ახალ ლიდერად იქცა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას და დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.

იყო პირველი ლიდერი, რომელიც ომის დროს უკრაინაში ჩავიდა და ამით დასავლეთის სხვა ქვეყნების პირველი პირებისთვის მუხტისა და მაგალითის მიმცემი გახდა.