ავტორი:

ყოფილი ''მიხაილოვის საავადმყოფო'' თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაიქცევა

ყოფილი ''მიხაილოვის საავადმყოფო'' თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაიქცევა

ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე ორი დღის წინ ხალხმრავლობა იყო, - იქ მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიებისა და სტუდიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეკრების ინიციატორი და მასპინძელი ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გახლდათ, რომლის ფირმამაც ახლახან აუქციონზე 16 მილიონ ლარად აღნიშნული ობიექტი შეიძინა, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას აპირებს.

მისივე განმარტებით, საუბარია არა მხოლოდ მუზეუმზე კლასიკური გაგებით, არამედ კულტურის ახალ თანამედროვე კერაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით.

პროექტი ითვალისწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნებულ იქნას ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე.

ბიზნესმენი ამ სირთულის გადაჭრას მშენებლობაში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით, საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათგან 6 საუკეთესო სტუდია შეირჩა, რომელთა წარმომადგენლებიც იმ დღეს შეკრებაზე იმყოფებოდნენ. მათ შორისა გახლავთ ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული სტუდიები, როგორიცაა - Archea Associati (იტალია), Christ & Gantenbein (შვეიცარია), Emre Arolat (თურქეთი) Shigeru Ban (იაპონია), Wilmotte & Associés (საფრანგეთი) და Herzog and De Meuron (შვეიცარია).

კონკურსის შემდეგი ეტაპი სექტემბერში გაიმართება, - 3 საუკეთესო კომპანია გამოვლინდება, რომლებმაც გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინონ. კონკურსის ბოლო ეტაპი ნოემბერში შედგება, სადაც გამარჯვებული სტუდია დასახელდება.

არქიტექტურული პროექტის დამუშავებას 10 თვემდე დასჭირდება, მშენებლობა 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ბიზნესმენი ბრეუსი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით მშენებლობის დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.

"იმედი გვაქვს, ყველაფერი უფრო სწრაფად დასრულდება... მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს. ამიტომ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსები. ყველაფერი ისე უნდა შევქმნათ, რომ ისტორიული სურათი არ დავარღვიოთ. არქიტექტორებისთვის ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, რომ ამ ისტორიულ კომპლექსში თანამედროვე კომპლექსიც ჩადგან. მუზეუმი იმით იქნება განსხვავებული, რომ აქ ახალგაზრდობა თავს როგორც სახლში ისე იგრძნობს. ჩვენ მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის პერიოდში არქიტექტურული კომპანიებისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო – ერთი - დიდი გამოცდილება მუზეუმების მშენებლობასა და პროექტირებაში და მეორე - მდიდარი დიდი გამოცდილება პარკების პროექტირებაშიც. აქ დიდი პარკის გაკეთებასაც ვაპირებთ, სკულპტურების პარკი მუზეუმის ნაწილი იქნება“, – განაცხადა შალვა ბრეუსმა.

ვესაუბრეთ ასევე შეხვედრაზე მყოფ მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიებისა და სტუდიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ პროექტის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

ფრანჩესკო სიმონინი, სტუდია Archea Associati-ის ხელმძღვანელია. მათი სტუდიის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა: ბერგამოს ნემბროს მუნიციპალური ბიბლიოთეკა, ალბანეთის ახალი ეროვნული სტადიონი ტირანაში, ფიატის ოფისი ფლორენციაში, ყურძნის საერთაშორისო გამოფენის პარკი ჩინეთში, იმედის მოედანი ტაიპეიში, კერამიკული ხელოვნების ქალაქი ჩინეთში და კიდევ ბევრი ობიექტი.

"ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც საგანგებო შემთხვევაა, რადგანაც აბსოლუტურად სწორი არჩევანია გასაკეთებელი. საერთოდ კულტურული მემკვიდრეობა და ამგვარი ტიპის სივრცე დაჟინებულ მუშაობას მოითხოვს. ვფიქრობთ, აქ ჩვენი სერიოზული საქმიანობით დადებით შედეგს მივიღებთ,“ - აღნიშნა ბატონმა ფრანჩესკომ.

ქრისტოფ განდენბეინი სტუდია Christ & Gantenbein დამფუძნებელია, მისი კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა: ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკა, შვეიცარიის ეროვნული მუზეუმის რეკონსტრუქცია, ჰამბურგის ვილი ბრანტის ქუჩა, ბაზელის სამხატვრო მუზეუმი და კიდებ ბევრი ნაგებობა.

"რასაც ახლა ვუყურებთ, ძალზე მიმზიდველია. მუზეუმი, რომელიც აქ გაიხსნება, არ უნდა იყოს ხელოვნება ხელოვნებისთვის. ადგილი საზოგადოებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. სულაც არ არის საჭირო, რომ აქ წარმოდგენილი სიძველე აბსოლუტურად შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო სივრცედ გარდავსახოთ, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მართალია, ამ ეტაპზე აქაურობა, ნანგრევების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საწყისი სტრუქტურა ძალზე კარგი და ძლიერია. მოკლედ, დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან ყველაფერი ფასეული და მნიშვნელოვანია,“ - გვითხრა ბატონმა განდენბეინმა.

სტუდიის Emre Arolat მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამორჩეულია: სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმი, სასტუმრო მაიამიში, ნორას მეჩეთი, ნიუ კენტის საცხოვრებელი კომპლექსი, ნირბას კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსი, ბაჰამის სახლები და კიდევ არაერთი ობიექტი.

ღონისძიებაზე საკუთარი აზრი სტუდიის წარმომადგენელმა ვეტ სეფაჯიოღლუმაც გაგვიზიარა: "თითოეული პროექტი საერთოდ ცალკე მოვლენაა და მათზე პასუხის გაცემას მიდმივად ვცდილობთ. როდესაც თბილისში ამ პროექტს და ამ ადგილს გავეცანით, დავრწმუნდით, რომ ის მომავალში ქალაქის კულტურულ ცხოვრებასა და ლანდშაფტში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სახეზეა წარსულის გამოცდილება, გარკვეული მონახაზი და კარგი გაგებით, მას ისე უნდა დავუპირისპირდეთ, რომ სიახლე შესაბამისად შევუხამოთ. ჩვენს ამ გამოცდილებას მუშაობისას აუცილებლად კარგად გავიაზრებთ,“ - ასეთია სეფაჩიოღლუს აზრი.

სტუდიის Herzog and De Meuron სერიოზულ პროექტებს შორისაა: მემფისის ხელოვნების მუზეუმი, დიდი არხის სამუზეუმო კომპლექსი, ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, კარის საფოსტო ბანკი, ბაზელის ბიზნესის სკოლა, ხელოვნების სამეფო კოლეჯი. შეკრებაზე დამსწრე ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტუდიის დირექტორი ოლგა ბოლშანინა:

"არნახულად შთამბეჭდავი რამაა. ჯერ თავად ადგილი ახდენს არნახულ შთაბეჭდილებას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩატარებული სამუშაო ფანტასტიკურ შედეგებს გამოიღებს. ამგვარი სამუშაოები არაერთხელ ჩაგვიტარებია ლონდონში, მადრიდში. ეს არის კარგი საშუალება, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ სიძველე, შევუხამოთ სიახლე და ამით პროექტს გაუკვალოთ გზა მომავლისკენ, ანუ ეს იქნება ძველის გამოყენება ახალი ხედვის მეშვეობით“ - აღნიშნა ქალბატონმა ბოლშანინამ.

სტუდიის Shigeru Ban გამორჩეული პროექტებია: კეიჰოს უნივერსიტეტი, ტაივანის ხელოვნების მუზეუმი, ფუძის აეროპორტი, ლუქსემბურგის მუზეუმი, სინგაპურის ბიენალე, ეკლესია, ქაღალდის მუზეუმი და კიდევ ბევრი პროექტი. ღონისძიებაზე დამსწრე ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტუდიის დირექტორი ტარო ოკაბე: "აქ რომ ჩამოვედი, ჩემთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა ის, რომ ქართულ-იაპონურ არქიტექტურაში საერთო შტრიხები დავინახე. ზოგადად იაპონიაში არ არის მკვეთრი ზღვარი შენობის გარე და შიდა ნაწილებს შორის - ყველაფერი ერთად მოძრავია. ასევეა აქაც. ამ "მოძრავმა“ არქიტექტურამ შეიძლება ადამიანი დააინტერესოს, რომელიც შესაძლოა, ხელოვნებითაც დაინტერესდეს და მასაც მიაპყროს თვალ-ყური. მსგავს პროექტებზე მუშაობისას, თითქმის ასეა, ვტოვებთ ორიგინალს, მაგრამ მას თანამედროვეს ვუხამებთ. ეს არის სწორედ მოძრავი მომენტი და ხელოვნებას ეს ემსახურება. ჩვენი კომპანია ხშირად მიმართავს ხერხს, როცა შენობების შიგნით თუ გარეთ არის გამწვანება და მათ ხელს არასდროს ვახლებთ“ - განმარტა ბატონმა ოკაბემ.

სტუდიის Wilmotte & Associés პროექტებს შორისაა: პარიზის ეფემერული დიდი სასახლე, გაეროს სასახლე სენეგალში, ლიონის ტერასები, ისლამური ცივილიზაციის ცენტრი ტაშკენტში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პარიზში, ბულგარეთის ექიმთა ასოციაციის ოფისი და არაერთი ნაგებობა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდიის ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტუდიის დირექტორი ბორინა ენდრიუ:

"ბევრ ქვეყანაში ვმუშაობთ, ჩვენი შტატი 260 ადამიანის შეადგენს, მაგრამ ეს საქართველოში მუშაობის პირველი გამოცდილებაა. მადლობელი ვარ, რომ მოგვიწვიეს. დიდი გამოცდილება გვაქვს სამუზეუმო საქმის განვითარებაში. ამ პროექტთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ უნიკალური რამ არის, როცა ქალაქის შუაგულში ასეთი დიდი ფართი არსებობს. მერე აქ არის უამრავი სიძველე. ჩვენს კომპანიას აქვს იმის გამოცდილება, რომ ეს წარსულის ფესვები თანამედროვეობასთან დააკავშიროს და მომავალში ის ასე წარმოაჩინოს. აქ არსებული საგანგებო მომენტები, თუნდაც ბუნებრივი სიმწვანე - ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ“ - გვითხრა ბორინა ენდრიუმ.

მოკლედ, ასეთია მსოფლიოს ცნობილი სტუდიებისა თუ არქიტექტორების ხედვა აღნიშნულ პროექტზე. მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა მშენებლობისას არ დაკარგოს ღირებულება და უმტკივნეულოდ გადაიქცეს იმ სივრცედ, რისი შექმნაც მის ახალ მფლობელს სურს.