ავტორი:

მაღალმთიანი აჭარა, ლია ლიქოკელი და შეხვედრა მკითხველთან - „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მომდევნო გაჩერება

მაღალმთიანი აჭარა, ლია ლიქოკელი და შეხვედრა მკითხველთან - „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მომდევნო გაჩერება

მაღალმთიანი აჭარა, შუახევი და ხულო, „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მომდევნო გაჩერება - პოეტი და მწერალი ლია ლიქოკელი მკითხველებს ხვდება. საუბრობენ წიგნებზე, მწერლობაზე, მწერლებზე, მკითხველებზე, ცვლიან აზრებს და დამოკიდებულებებს.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია. სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დააქვთ წიგნები და მთელი ქვეყნის დალაშქვრას ასე, წიგნებით აპირებენ. წიგნებთან ერთად, მოგზაურობენ პოეტები, მწერლები, ყველა, ვინც ლიტერატურასთან კავშირშია და ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

სწორედ ასეთი შეხვედრები გაიმართა შუახევსა და ხულოში.

„როცა ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები, ვხედავ ბამბუკის თაროს, რომელიც სავსეა მრავალგზის გადაფურცლული წიგნებით. ამ წიგნებს პერიოდულად გადმოვალაგებ ხოლმე, გადავშლი და თუ რამეს აღმოვაჩენ, რაც ჯერ არ წამიკითხავს, ბედნიერი ვარ. ისეთ ჩაკეტილ ადგილზე, მაღალმთიან სოფელში, სადაც მე გავიზარდე, წიგნი იყო სარკმელი ვრცელი, მშვენიერი სამყაროსკენ.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ სწორედ ასეთ სოფლებში მიდის ახალი წიგნებით - ახალი სარკმლებით დატვირთული და ჩემნაირი ბავშვების გაბედნიერება შეუძლია. იმ ბავშვების, ვისაც სხვანაირად ხელი არ მიუწვდება თანამედროვე ლიტერატურაზე, ვისაც სჭირდება, თავი უფრო დიდი, ვრცელი სამყაროს ნაწილად იგრძნოს. ვფიქრობ, ეს დიდი საქმეა, სიკეთე, რომელსაც შეუძლია, ადამიანების ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს და ხედვის ჰორიზონტი გააფართოოს“, - გვიყვება ლია ლიქოკელი.

ამ ორ შეხვედრაზე ორ თემაზე ისაუბრეს - ცნობილი ქალები საქართველოს ისტორიიდან და რისთვის იბრძოდნენ ქართველი მწერლები ერთი საუკუნის წინ და რისთვის იბრძვიან ახლა.

„საქართველოს ისტორიაში ბევრი ცნობილი ქალი არ არის, მოუყოლელი ამბებით და უცნობი ქალებითაა დასახლებული ჩვენი ისტორია. სწორედ მათზე და საბოლოოდ, ზოგადად ლიტერატურის როლზე და მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ კითხვისა და სიახლეების გაცნობის მსურველი არცთუ ცოტაა და ძალიან სჭირდებათ ახალი წიგნები, ახალი ავტორების გაცნობა. ის, რაც თანამედროვე ლიტერატურაში ხდება, რაც ჩვენს დროს აღწერს, გაშლის და ადამიანებამდე მიიტანს.

ხოლო როდესაც შენს კარს „მოგზაური ბიბლიოთეკა“ მოადგება, ცხოვრებაში ახალი ამბების შემოშვება შეგიძლია და საკუთარი თავის გარეთ გამოშვებაც - მჯერა, რომ ყველაფერ მშვენიერს აუცილებლად ვუბრუნებთ ხოლმე სამყაროს უკან. არაფერია ადამიანზე მნიშვნელოვანი და იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ერთმანეთისთვის გავაკეთებთ - ახალი წიგნები იქნება, თუ უბრალოდ, ახალ ადამიანებთან საუბარი რომელიმე, ერთი შეხედვით, მოსაწყენ თემაზე. ბოლოს შეიძლება, დიდი მხიარულებაც კი დატრიალდეს - მეორე შეხვედრაზე ძალიან ვიცინეთ და ეს ჩემთვის ბედნიერი დღე იყო“.

ასეთია ლია ლიქოკელის თვალით დანახული მოგზაურობა ბიბლიოთეკასთან ერთად. ადგილობრივი და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბექა ჯოყოლაძე კი ამბობს, რომ მისთვის ეს პროექტი ნამდვილად საინტერესო და ინოვაციურია, რადგან ორიენტირებულია ისეთ ადგილებში მივიდეს, სადაც წიგნების თუ დისკუსიების ნაკლებობა არსებობს. ამიტომ თვლის, რომ ამ „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ გაამართლა და ბევრი ადამიანის გაერთიანებაც მოახერხა.

„ლია ლიქოკელის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ასე ახლოს ხილვა და გაცნობა სულ სხვა გრძნობა და სიხარული იყო. მის მსგავს ადამიანებს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმ საკითხებზე მსჯელობა, რას გულისხმობს კარგი წიგნი და რით განისაზღვრება ეს. ამ თემაზე, აუდიტორიაში, ბევრი განსხვავებული აზრი აღმოჩნდა, თუმცა, მახარებს ის ფაქტი, რომ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი წიგნები“, - ამბობს ბექა ჯოლოყაძე.

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემქმნელებს, სამომავლოდ, ბევრი გეგმა აქვთ. მოივლიან კიდევ ბევრ სოფელს, „ბუქმობილით“ მიიტანენ წიგნებს, შეხვდებიან მკითხველებს მოაწყობენ დისკუსიებს.

„ვაგრძელებთ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრებს სოფლებში, რაშიც „თეგეტა ჰოლდინგი“ გვიჭერს მხარს. რადგანაც ეს საზოგადოებრივ მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული პროექტია, ვცდილობთ „მოგზაური ბიბლიოთეკისთვის“ უფრო მდგრადი განვითარების კონცეფციების და გზების მოძიებას. ამიტომ, ჩვენც ახალ გზებს ვეძებთ და პასუხისმგებელ და მომავალზე ორიენტირებულ ბიზნეს ორგანიზაციებს ვთავაზობთ დამეგობრებას, როგორც ეს „თეგეტას“ შემთხვევაში მოხდა. ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლებიც თვითკმარს გახდის ჩვენს პროექტს“, - ამბობს პროექტის მენეჯერი ირმა დიმიტრაძე.

„გვიხარია რომ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ უკვე მეორე მოგზაურობას ვუერთდებით გამორჩეულ ავტორებთან ერთად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა თეგეტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა, საინტერესო დისკუსიებში ჩავრთოთ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ფარგლებში, მათ ბევრ ავტორსა თუ მწერალთან შეხვედრის შესაძლებლობას მივცემთ“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ ახალი ლოკაციებისა და საინტერესო ავტორების შერჩევას აგრძელებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ის დახმარებით კი პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

NS