იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლა, როცა ექსპრმიერი ქალაქ ნარაში, ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა. შინზო აბე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს და მიყენებული ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. აღსანიშნავია, რომ მას არ უცდია გაქცევა, ექსპრემიერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა, შემდეგ იარაღი ძირს დადო და დაელოდა, როდის დააკავებდნენ.
რა არის ცნობილი ბრალდებულის შესახებ?
როგორც იაპონური მედია იტყობინება, პოლიციამ დაასახელა ბრალდებულის ვინაობა. მათივე ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 41 წლის ტეცუია იამაგამია. ის სამი წლის განმავლობაში, 2005 წლამდე იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
ტეცუია იამაგამიმ ხელნაკეთი იარაღი გამოიყენა. იაპონური მედიის ცნობით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის "უკმაყოფილო იყო შინზო აბეს ქმედებებით და მისი მოკვლა სურდა."
არსებული ინფორმაციით, ტეცუია იამაგამი ქალაქ ნარას მკვიდრია.
ცნობისთვის, შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს დატოვა. პრემიერის პოსტი მეორე ვადით 2012 წელს დაიკავა და 2020 წლამდე იმსახურა, ვიდრე თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დატოვა.