ავტორი:

დაპირისპირება თუმანიშვილის თეატრში - რატომ მოიხსნა ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი?: "რეალური მიზეზი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლაა"

დაპირისპირება თუმანიშვილის თეატრში - რატომ მოიხსნა ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი?: "რეალური მიზეზი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლაა"

რამდენიმე საათის წინ თუმანიშვილის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივლისს დაგეგმილი სპექტაკლი "მეფე ლირი" მოიხსნა. აღნიშნულის მიზეზად თეატრის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"12 ივლისს დანიშნული სპექტაკლი "მეფე ლირი" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოიხსნა. ბოდიშს გიხდით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

თუმანიშვილის თეატრის მსახიობები აღნიშნავენ, რომ სპექტაკლის მოხსნის მიზეზი რეალურად სხვა რამ არის. კერძოდ, როგორც ისინი ამბობენ, ეს უკავშირდება სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლას, საუბარია აკაკი ხიდაშელზე.

ზურა გეწაძე: რეალური მიზეზი რატომაც მოიხსნა სპექტაკლი - "მეფე ლირი", არის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის უსამართლო, უკანონო და დისკრიმინაციული დამოკიდებულება მსახიობების მიმართ. კომენტარებში იხილეთ აკაკი ხიდაშელის განცხადება და ყველაფერს მიხვდებით. ჩემი სოლიდარობა ქართული თეატრის გამორჩეულ, უმაგრეს მსახიობს, პროფესიონალს, ღირსეულ პიროვნებას - ბატონ აკაკი ხიდაშელს!

ნანუკა ლითანიშვილი: 12 ივლისს "მეფე ლირის" მოხსნის მიზეზი მსახიობის ჯანმრთელობას დაბრალდა, სინამდვილეში ახალი სამხატვრო ხელმღვანელის უტიფარი საქციელის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლა!!! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ აკაკი ხიდაშელს! მისი ღირსეული ნაბიჯი სტიმულია ჩემთვის…

  • ცნობილი ხდება ასევე, რომ ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ მსახიობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას კრიტიკული წერილი მისწერა და თეატრიდან წასვლის შესახებ აცნობა.

განცხადებას სოციალურ ქსელში ასევე მსახიობები ავრცელებენ და თეატრიდან წასულ ხიდაშელს სოლიდარობას უცხადებენ.

"თეატრში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა გააჩინა ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხები თქვენგან ვერ მივიღე. როგორც გახსოვთ, თქვენი წარდგინების დღეს, კულტურის მინისტრი დასის წევრებს ხელფასის ზრდას შეპირდა. მან თავისი პირობა შეასრულა და თეატრს ბიუჯეტი საგრძნობლად გაეზარდა.

შემდეგ, აპრილის ბოლოს, როცა ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყეთ მსახიობებთან, ეტყობა მიიჩნიეთ, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირს, აშკარა დისკრიმინაციის უფლება გქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წევრს გაუზარდეთ საგრძნობლად ხელფასი, დასის დანარჩენ წევრებს ან დაუტოვეთ მანამდე არსებული ხელფასი, ან შეუმცირეთ, ზოგს კი საარსებო მინიმუმამდე დაუყვანეთ. თქვენ ასე "მოახმარეთ" თუმანიშვილის თეატრს სამინისტროდან დამატებული თანხა.

ჩვენი პირადი შეხვედრისას, ჩემი მიზერული ხელფასის (250 ლარის) დანიშვნის მიზეზად დამისახელეთ შემდეგი: 1. ის რომ საჭიროება ახლა ასეთია თეატრისთვის, 2. რომ მე კიდევ ორ სხვა თეატრში ვმუშაობ.

მე გენდეთ, რადგან ჩავთვალე, რომ თეატრში ხელფასის გაცემის ახალი წესი განსაზღვრეთ, რის გამოც თქვენს მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თქვენ იცრუეთ, რადგან იმ მსახიობებს, რომლებიც სხვადასვა თეატრში მუშაობენ, ხელფასი გაუზარდეთ. გაუგებარია რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ, როცა ესოდენ მკვეთრი და დისკრიმინაციული განსხვავების უფლება მიეცით თავს დასის იმ მსახიობების მიმართ, რომელთაც შეურაცხმყოფელად შეგვიმცირეთ ხელფასი.

ყოველივე ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ განხორციელებული დისკრიმინაცია იმ მდაბიო განზრახვით ჩაიდინეთ, რათა რეპერტუარიდან გაგექროთ ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი, რადგან ფიქრობდით, რომ ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, თავმოყვარეობის გამო დატოვებდნენ თეატრს და სპექტაკლის მოხსნა თქვენ აღარ დაგბრალდებოდათ. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე გადავწყვიტე დავტოვო თეატრი", - წერია ხიდაშელის განცხადებაში, რომლის ადრესატი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე ხუციშვილია. წერილი 15 ივნისით არის დათარიღებული.