ავტორი:

ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც "ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და თერჯოლის საკრებულოში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს.

ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა "ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.

"ზუსტად ვხვდები, რომ "ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში "ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - ნათქვამია ნიკა სამხარაძის განცხადებაში.

თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადამდგარი ომარ ჯიხვაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება“.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერია ჯიხვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კი აცხადებს, რომ მის "ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს“.

"ამ ჩემს "ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს, მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია.

რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა? მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას“, - წერს გიორგი ღამბაშიძე.