ავტორი:

"როგორც მე ვერ დავიწყებ ბურთის კენწვლას, ისე ყაველაშვილი პოლიტიკაში ვერ გაერკვევა ათასი წელი" - აკია ბარბაქაძე

"როგორც მე ვერ დავიწყებ ბურთის კენწვლას, ისე ყაველაშვილი პოლიტიკაში ვერ გაერკვევა ათასი წელი" - აკია ბარბაქაძე

როგორც მე ახლა ბურთის კენწვლას ვერ დავიწყებ, ისე მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკაში ვერ გაერკვევა კიდევ ათასი წელი, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

"ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების - მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და სოზარ სუბარის შესახებ საუბრისას, აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ ისინი რეალურად დასავლეთს ომს უცხადებენ, მმართველი პოლიტიკური ძალა კი, დასავლეთს აშანტაჟებს, რადგან იცის, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მათთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს.

"დასავლეთი შეცდომაშია შეყვანილი, ისინი განიხილავენ "ოცნების“ ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებაში გაჯიუტებულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ სამწუხაროდ, "ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია პოლიტიკური ველიდან გავიდა, მას არ აინტერესებს საზოგადოების განწყობები, ის კარგავს კიდეც საკუთარ ამომრჩეველს. "ოცნების“ ამომრჩევლიდან საკმაოდ დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, რადგან ხედავს, რომ დასავლური ვექტორი იცვლება.

ვნახეთ გაყოფების დადგმული სპექტაკლები, სუბარების და ამ ხალხის. სუბარი, რომელსაც ერთი კვირის წინ დასცდა, რომ დსთ-ში შევიდეთ და შემდეგ ყაველაშვილთან ერთად გამოეყო, პოლიტიკასთან რომ საერთო გავლა არ აქვთ. როგორც მე ახლა ბურთის კენწვლას ვერ დავიწყებ, ისე ის პოლიტიკაში ვერ გაერკვევა კიდევ ათასი წელი. ეს ხალხი გამოდის და ომს უცხადებს დეგნანს, დასავლეთს და ამ პირობებში, რა პოლარიზაციის გაჩერებაზე არის საუბარი?! - რეალურად, აქ მიდის დასავლეთის შანტაჟი, რომ "მე ამას არ შევასრულებ“ და დასავლეთს 2023 წელში გადააქვს სულ ყველაფერი, არა იმიტომ, რომ ვიღაცა არ ჯდება "ოცნებასთან“ სალაპარაკოდ, რომც დაჯდეს, "ოცნება“ არ შეასრულებს ამას, რადგან ეს მისთვის არის ეგზისტენციალური საფრთხე: ეს 12 პუნქტი შესრულდება თუ არა, "ოცნება“ ძალაუფლებას კარგავს. ეს ძალაუფლება მას არ სჭირდება პოლიტიკაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ამოცანების შესასრულებლად“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

კითხვაზე, "ქართული ოცნება“ ასრულებს თუ არა რუსეთის დავალებებს აღნიშნა, რომ დიახ, ასრულებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ნაწილი არა თუ პრორუსული, არამედ პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა.

"ამჯერად, დღეს ყველას გაგვიმართლა, რომ უკრაინაში რუსეთის მთელი რესურსია მიჯაჭვული და სამხედრო თვალსაზრისით, მას უკვე აღარ აქვს შესაძლებლობა პარალელურად, სხვა ყოფილ რესპუბლიკებში ძალით შევიდეს, მაგრამ აგრძელებს ჰიბრიდულ ოპერაციებს და ჩვენ ვართ ჰიბრიდული ომის საბოლოო ფაზაში. ის ექსპანსია, რასაც რუსეთი ჩვენ გვიკეთებს, რომელიც შემოდის და ცდილობს, საქართველო ბოლომდე მოაქციოს მისი გავლენის და კონტროლის ქვეშ, ეს ჩვენი ხელისუფლების მეშვეობითაა, რადგან ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს ამ რუსული ხელისუფლების გაგრძელებას. ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსული ხელისუფლება, მე არ ვამბობ, მთლიანად "ოცნებაზე,“ არამედ "ოცნების“ იმ ნაწილზე, რომელიც არის ხელისუფლებაში. მათი მთავარსარდალი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გარკვეული ვალდებულებებით არის დახუნძლული პუტინთან და რუსეთთან“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.