ავტორი:

"მათ სძულთ ეს მთავრობა, სძულთ პუტინი, დაასრულეთ ეს ომი" - მზარდი უკმაყოფილება რუსი ჯარისკაცების მშობლებში: რუსი სამხედროს დედა საზოგადოებაში არსებულ ბრაზზე საუბრობს

"მათ სძულთ ეს მთავრობა, სძულთ პუტინი, დაასრულეთ ეს ომი" - მზარდი უკმაყოფილება რუსი ჯარისკაცების მშობლებში: რუსი სამხედროს დედა საზოგადოებაში არსებულ ბრაზზე საუბრობს

24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსული ჯარი შეიჭრა, ყოველდღიურად უამრავი ტრაგედიის შესახებ ვიგებთ. განადგურდა შენობები, დაიღუპა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და დევნილად იქცა.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ომში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გამოაქვეყნა და მაშინდელი ცნობით, 1351 ჯარისკაცი იყო დაღუპული. ამ ციფრის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში კი კრემლმა აღიარა, რომ "დანაკარგი მნიშვნელოვანია."

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს.

  • ამ ყველაფრის ფონზე რუსეთში იზრდება ჯარისკაცთა დედების უკმაყოფილება, მათ ომის დასრულება სურთ.

BBC-ი აქვეყნებს ერთ-ერთი რუსი სამხედროს დედასთან ინტერვიუს, ქალმა უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტს სთხოვა, რომ მისი რეალური სახელი არ დაეწერა, ამიტომ, პირობითად მას ვალიას უწოდებენ.

20 თებერვალს ვალიას რუსულ ჯარში მყოფმა შვილმა დაურეკა. ის უკრაინის საზღვართან, "წვრთნაზე“ იმყოფებოდა. "მითხრა, რომ სროლის პრაქტიკას გადიოდნენ და კარვებში ცხოვრობდნენ და ეს იყო უკანასკნელი დღე, როცა მას ვესაუბრე“, - ამბობს ქალი.

ოთხ დღეში რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო ომი, რომლითაც რუსეთმა უკრაინას უთვალავი და ენით აღუწერელი ტანჯვა მოუტანა.

ვალიამ BBC-ის უამბო შვილზე და იმაზე, თუ რას ფიქრობს კრემლის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე."

  • "მარტის დასაწყისში ჩემი შვილის ბაზიდან სერჟანტმა დამირეკა, მან ალბათ ყველა მშობელს დაურეკა. მითხრა, რომ ბიჭები კარგად არიან, ჩვენ მთელი მარტის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე და ის ამბობდა, რომ კარგად არიან. შემდეგ კაცმა, რომელიც თავის თავს ჩემი შვილის მეგობარს უწოდებდა, მესიჯი გამომიგზავნა. მე მას არ ვიცნობდი, სოციალურ ქსელებში მიპოვა. მითხრა, რომ აფეთქების დროს ჩემმა შვილმა ფეხი დაკარგა, შემდეგ კი გარდაიცვალა. მას შემდეგ უამრავგან დავრეკე, ვცადე ჩინოვნიკებთან შეხვედრა, მაგრამ არავის არაფრის თქმა არ შეეძლო.

საბოლოოდ, იმ სერჟანტმა, რომელიც მარტში მესაუბრებოდა ხოლმე, მითხრა, რომ ჩემს შვილთან კონტაქტი მას ბოლოს 23 თებერვალს ჰქონდა. ვკითხე, მაშ რატომ რეკავდით და რატომ მეუბნებოდით, რომ ყველაფერი კარგადაა? იმისთვის რომ დაგვამშვიდოთ?.

და მან მითხრა, - ბოდიში, მე მხოლოდ სერჟანტი ვარ“, - იხსენებს ქალი.

ვალიამ უფრო მეტის გაგება სცადა და თავისი შვილის განყოფილებას დაუკავშირდა. "მივწერე სამხედრო ოლქის ოფისს, თავდაცვის სამინისტროს, ყველას მივწერე. არავინ მაწვდის ინფორმაციას - სად, როდის და როგორ გაუჩინარდა ჩემი შვილი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მონაწილეობდა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ და დაკარგულია",- ამბობს ქალი.

  • უკრაინაში რუსეთის ჯარის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამართლების მიზნით, რუსეთის ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ცდილობს, რუსული საზოგადოების თვალში უკრაინელების დეჰუმანიზაციას და მათგან მტრის ხატის შექმნას. ისინი უკრაინელ ჯარისკაცებსა და ოფიციალურ პირებს "ულტრანაცინალისტებად“ და "ნაცისტებად“ მოიხსენიებენ. აცხადებენ, რომ უკრაინა აგრესორი, ხოლო რუსეთი განმათავისუფლებელია.

მაგრამ ვალია უკრაინას მტრად არ მიიჩნევს.

"ჩვენს ქვეყანას რომ ისე დაესხან თავს, როგორც რუსეთი - უკრაინას, ჩვენც გავბრაზდებით და ჩვენც თავს დავიცავთ“, - ამბობს ის.

  • სამწუხაროდ, რუსეთში ბევრ ადამიანს სჯერა იმის, რასაც ხელისუფლება ამბობს და ინფორმაციის, რომელსაც მათი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. კრემლი აკონტროლებს მედიას და ყველა იმ მესიჯს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება, მაგრამ ინფორმაციის სრულად ჩახშობა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.

ვალია კავშირშია, მთელი რუსეთის მასშტაბით, ჯარისკაცების დედებთან და ის ამტკიცებს, რომ ამ ქალებში ხელისუფლების მიმართ მზარდი უკმაყოფილებაა ომის გამო.

"მათ სძულთ ეს მთავრობა, მათ სძულთ პუტინი, ყველა მათგანს სურს, დასრულდეს ეს ომი, ყველა დედა ამას ნატრობს. ჩვენ დაბალი სოციალური ფენა ვართ. უბრალო სოფლის ხალხი. ყველა ბიჭი, რომელიც იბრძვის, რუსეთის შორეული რეგიონებიდანაა და არ არიან მოსკოველები, იქ ადამიანების უმეტესობა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან და მათ შვილებს ომში არავინ გზავნის. ახლა აქ, ყველა ჯარისკაცის დედა და გარდაცვლილ ჯარისკაცთა მშობლები რომ წამოდგნენ, გაერთიანდნენ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად დიდი იქნება ეს არმია? და ისინი ამას გააკეთებენ, ნერვები წკიპზეა, შეწყვიტეთ, შეწყვიტეთ ეს ყველაფერი, შეაჩერეთ და დაიცავით ჩვენი შვილები“, - ამბობს ვალია.

BBC-ის ცნობით, ამ ინტერვიუს ჩაწერიდან მალევე ქალმა მიიღო ცნობა, რომ მისი შვილი უკრაინაში მოკლეს.