ავტორი:

მთის კვირეული და ხინკლის დღეები ყაზბეგსა და თუშეთში

მთის კვირეული და ხინკლის დღეები ყაზბეგსა და თუშეთში

საქართველოს ორი მიმზიდველი მხარე ორდღიან ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. თავგადასავლებისა და მთის მოყვარულებს 16-17 ივლისს საშუალება ექნებათ, თუშეთის ადათ-წესები და კულტურა უფრო ახლოს გაიცნონ.

მთის სავიზიტო ბარათს სტუმრები 16 ივლისიდან თუშეთსა და ყაზბეგში ნახავენ. შემეცნებითი ტურები, ქსოვის და რეწვის გაკვეთილები, მრავალფეროვანი მუსიკა, სპორტული ღონისძიებები - ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელზე დასწრებაც მთის მოყვარულებს კვირის ბოლოს შეეძლებათ.

მთის ფესტივალზე წელს პირველად გაიმართება ხინკლის დღეები. ღონისძიების მიზანია, მთის პოპულარიზაცია, რათა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დამთვალიერებლისთვის უფრო საინტერესო გახდეს.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. თუშეთისა და ყაზბეგის შემდეგ, ფესტივალს 23 ივლისიდან მესტია და შოვი უმასპინძლებს.

თათა სვანიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ღონისძიებების ორგანიზატორი:

- პრემიერის ინიციატივით, მთის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 16-17 ივლისს თუშეთსა და ყაზბეგში სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, წელს პირველად ხინკლის დღეებს ვუმასპინძლებთ. ყველას, ვისაც უყვარს ხინკალი, ადგილზე მოხარშული ცოცხალი ლუდი, მთა და გართობა, ფესტივალზე ველოდებით. ადამიანები ცნობილი შეფებისგან ადგილზე ხინკლის ისტორიას გაეცნობიან. თუშეთში იქნებიან ლევან კობიაშვილი და დიტრიხა, ყაზბეგში - ქალბატონი ესმა კუნჭულია, რომლებიც ხინკლის შესახებ ვრცლად ისაუბრებენ. მასტერკლასები ჩატარდება ხინკლის სწორად მოხვევაში. სტუმრები ასევე სხვადასხვა სახის გამოფენას დაესწრებიან. ეს იქნება ხალხური რეწვა, ეთნოგრაფიული, შემეცნებითი კუთხეები... ჩატარდება გასართობი თამაშები და ბევრი საინტერესო აქტივობა. პარალელურად უწყვეტად იმუშავებს მუსიკალური პროგრამა. ესა თუ ის ბენდი მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს. საღამოს კი, მთას რომ უხდება, კოცონთან მითოლოგიური ამბების მოსაყოლად ჩამოვსხდებით, ვიმღერებთ და ვიმხიარულებთ.

- როგორ შეიძლება დავესწროთ ფესტივალს?

- ნებისმიერ მსურველს საფესტივალო ტერიტორიაზე დასწრება შეუძლია. ვიზიტორების ინფორმირებისთვის სპეციალური კამპანია დაწყებულია როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე სოციალურ ქსელში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე განთავსებულია თუშეთის და ყაზბეგის საფესტივალო პროგრამები. საფესტივალო ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი კემპის ზონა, სადაც დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მოსულ სტუმრებს და შეძლებენ ღამის გათენებას.

- ცხადია, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოელ ტურისტებსაც, ხომ?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვაცნობთ ადგილობრივ კულტურას, ღირებულებებს და ველოდებით დიდი სიამოვნებით. ფესტივალის დღეებზე ტურისტებს უკვე 23-24 ივლისს მესტიასა და შოვში ველოდებით, სადაც ადგილობრივი კულინარია თავისი სხვადასხვა კერძით იქნება წამოწეული.