ავტორი:

"ვინ აფინანსებს ბჟანიას მილიონებით?!" - აფხაზეთის ლიდერის ძვირადღირებული "ოფიციალური ვიზიტები", რომელსაც ნული შედეგი აქვს: "პრეზიდენტი" ახალ სკანდალში ეხვევა

"ვინ აფინანსებს ბჟანიას მილიონებით?!" - აფხაზეთის ლიდერის ძვირადღირებული "ოფიციალური ვიზიტები", რომელსაც ნული შედეგი აქვს: "პრეზიდენტი" ახალ სკანდალში ეხვევა

აფხაზეთის ლიდერის ე.წ. ოფიციალური ვიზიტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ოპოზიციასა და მოსახლეობაში კითხვები გაჩნდა. ბოლო ხანებში ბჟანიას მოკლე დროის განმავლობაში ხშირად მოუწია თვითმფრინავით სარგებლობა - თუ საიდან აქვს, ფაქტობრივად, რუსეთის დოტაციაზე მყოფ რესპუბლიკას ამდენი თანხა, ეს არის თემა, რომლის გარშემოც ბჟანიასა და მის მომხრეებს შეტევების მოგერიება უწევთ.

ბოლო ვიზიტი იყო თათრეთის რესპუბლიკაში. ბჟანია სოჭიდან ყაზანში Legacy 650Е-ით გაფრინდა, რომლის დაქირავება ძალიან ძვირია. "საიდან აქვს პრეზიდენტს ამდენი თანხა, აფხაზეთის ბიუჯეტის პირობებში, მით უფრო, რომ მხოლოდ ბოლო ვიზიტი ყაზანში, საიდანაც იმავე დღეს გამოფრინდა, 10 მილიონ რუბლზე მეტი დაჯდა - საიდან ეს ფული?!" - კითხულობენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ადმინისტრაცია იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა, სადაც განმარტა, რომ აფხაზეთის მეთაურის ვიზიტები ფინანსდება ბიუჯეტიდან და მას ასევე ეხმარებიან, როგორც ქვეყნის, ასევე თავად პრეზიდენტის მეგობრები...

ekhokavkaza.com-თან საუბარში ე.წ. ვეტერანების საზოგადოებრივი მოძრაობა Аруаа -ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბჟანიამ უნდა გაამხილოს, ვინც არიან ე.წ. პრეზიდენტის მეგობრები და დამფინანსებლები, მით უფრო, რომ ბჟანიას კავშირების გაღრმავებისა და ხშირი ვიზიტების შედეგები, რეგიონის ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ეტყობა.

ბჟანიას ადმინისტრაციის ცნობით, სათათრეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის საინვესტიციო გარემო განიხილეს და გარკვეული გეგმები დასახეს, თუმცა, კონკრეტულად რომელი მიმართულებით, ამაზე ჯერ ბჟანია არ საუბრობს.

"ხელმძღვანელობის მუშაობის შედეგი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პრობლემები არ მცირდება, პირიქით, მატულობს. ამიტომ ჩვენი შეფასებებიც აქედან გამომდინარეობს - რამდენი უბინაო და ახალგაზრდა ოჯახისთვის იქნებოდა ეს თანხა საკმარისი ბინის შესაძენად, ან სულაც პენსიების მოსამატებლად" - წერს გამოცემა ბჟანიას ვიზიტების მიმოხილვისას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თემურ გულიას თქმით, კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს ბჟანიას დამფინანსებლების თემა რადგან მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს, ვინ აფინანსებს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტებს, ანუ "ვისთან ვართ ვალში და სად გაგვახსენებენ ამას".

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ სათაგურში ყველი არასდროს არის უფასო. შესაბამისად, გვაინტერესებს, ვინ არიან ეს გულკეთილი ადამიანები, კომპანიები, სპონსორები, ვინც ამდენ მილიონიან ვიზიტს აფინანსებს. ეს ხომ იშვიათი არ არის, ბჟანია ფაქტობრივად, თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა, ანუ რამდენიმე ათეულ მილიონიან სპონსორთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ისინი?!. მით უფრო, ჩვენ ვერ ვხედავთ ინვესტორების ცვენას, დაინტერესებულ კომპანიების ბუმს" - ამბობს გულია.

ადგილობრივების თქმით, სეზონური ტურიზმი არის აფხაზეთის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყარო, მაგრამ ე.წ. ხელმძღვანელობამ ამდენი წლის განმავლობაში, იმასაც ვერ მიაღწია, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ობიექტები აემუშავებინათ ან გაერემონტებინათ - ამის მაგალითია ბიჭვინთის სააგარაკო კომპლექსი, რომლის რუსეთისთვის გადაცემა გადაწყდა...

"რამდენიმე დღის წინ ვიყავი რიწის ტბაზე. რუსეთიდან კერძო მანქანებით შემოსული ტურისტების საცობი იდგა... შარშანწინ ვიყავი, სტუმრები მყავდა, უამრავი პრობლემა იყო, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოშლილი კანალიზაცია... წელსაც მომიწია და უარესი ვითარება იყო. არაფერს ვამბობ, სხვა ტურისტულად არაპოპულარულ ადგილებზე, გუდაუთაზე, კინდღზე, ოჩამჩირეზე, სადაც ტერმინალსაც კი ვერსად გამოიყენებთ..." - წერს დავით ძიძარია.

პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება რუსების კომენტარები, თუ როგორ ეხმაურებიან ისინი აფხაზეთს, როგორც ტურისტულ რეგიონს.

"რა უნდა გააკეთო იქ ისეთ სიცხეში, არავითარი პირობები არ აქვთ, გულის შეტევა გინდათ?.. იქ უნდა ჩახვიდე გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. ახლა, ზაფხულში რატომ უნდა წახვიდე, ცივ წყალსაც კი ვერ დალევ. ზღვაზე უნდა დაისვენო, კი არ უნდა მოიხარშო..."

"სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ცივილიზაციისგან შორს არიან. სახელმწიფოში უნდა აშენდეს ნორმალური სანატორიუმები, სადაც წელიწადის ყველა სეზონზე უნდა დაისვენო, თუმცა მათ ეს არ სურთ, ფასები გააორმაგეს, ხალხი მაინც ჩამოვაო. ეს ხალხი ჩვენ ვართ - ახლა ხომ წასასვლელი არსად გვაქვს" - წერენ რუსები სოციალურ ქსელებში.