ავტორი:

"ფარული მოსმენების საკითხი არის შეშფოთების სფერო ყველა ჩვენგანისთვის" - კელი დეგნანი

"ფარული მოსმენების საკითხი არის შეშფოთების სფერო ყველა ჩვენგანისთვის" - კელი დეგნანი

ეს არის ჩვენი შეშფოთების სფერო, ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ფარული მიყურადების გამო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების საუბრის ამსახველი ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ ვიყავით ასეთი შეშფოთებულები ფარული მოსმენების გამო არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ სხვების მიმართ აქ, საქართველოში. რატომ მოვუწოდებდით კანონმდებლებს, რომ გადაედოთ ფარული მოსმენის შესახებ კანონის მიღება, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით, ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და დიპლომატების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გასული წლის შემოდგომაზე,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ეს საკითხი იწვევს ყველას შეშფოთებას, ვისაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა სურს.

"ეს არის ჩვენი შეშფოთების სფერო, ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ფარული მიყურადების გამო.

მედია თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. კვირის დასაწყისში მქონდა შეხვედრები ჟურნალისტებთან. ვისაუბრეთ გარკვეულ გამოწვევებზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გვქონდა ძალიან კარგი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ამავდროულად ისინი საუბრობდნენ გარკვეული სახის ზეწოლაზე, რასაც საქართველოში ჟურნალისტები განიცდიან, რაც, ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგაც მოქმედებს. რადგან ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას უტყუარი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, არის ის, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად შეეძლოთ მოვლენების გაშუქება ისე, რომ არ ჰქონდეთ თავდასხმის ან დაშინების შიში. ეს არის პრიორიტეტი შეერთებული შტატების საელჩოსთვის და უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის,“- აღნიშნა ელჩმა.