ავტორი:

"ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მადლობა ზრუნვისთვის" - სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია

"ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მადლობა ზრუნვისთვის" - სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება "ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ მიუღია.

პრეზიდენტმა მოუწოდა როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, რომ სრულად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში.

"მინდოდა ყველასთვის მეცნო, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიას. მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი "ბულინგის“ და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6-7 თვეში თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, ახლა გამართლებული არ არის შესვენება, კომიტეტები და კომისიებია ასევე გამართლებული.

მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა ის ევროპული პერსპექტივაა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.