ავტორი:

"საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს... ერთი არის იარაღის უკანონოდ შენახვა" - რას ამბობს გოგაშვილის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მისი შვილი?

"საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს... ერთი არის იარაღის უკანონოდ შენახვა" - რას ამბობს გოგაშვილის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მისი შვილი?

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სამართალდამცავებმა სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოსო გოგაშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკისას უკანონოდ გაფორმებული ორი იარაღი ჩადეს, ამ პროცესის თვითმხილველები კი, მისი დედა და დეიდა არიან.

"ახლა გაიყვანეს. გაგიკვირდებათ და ვიცე-პოლკოვნიკს თურმე ორი გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში და ყვავილივით ამოსული. ანუ ორი იარაღი ჩვეულებრივად ჩადეს და "შეტენეს" რაღაც ყალბი ფაქტები მოსმენების და ა.შ. საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს, მუხლები ზუსტად არ მახსოვს. ერთი არის იარაღის უკანონოდ შენახვა... იარაღის ჩადების პროცესი დაინახეს, თვითმხილველები დედაჩემი და დეიდაჩემი არიან", - განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.