ავტორი:

"მეცინება უბრალოდ, რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია" - მეუფე იაკობი სოსო გოგაშვილის მეუღლეს პასუხობს

"მეცინება უბრალოდ, რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია" - მეუფე იაკობი სოსო გოგაშვილის მეუღლეს პასუხობს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადებას პასუხობს და კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ მან სუს-ის ექსმაღალჩინოსნის ლიკვიდაციაზე ისაუბრა.

"შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მის კომენტარს "იმედი" ავრცელებს.

თეა მარტყოფლიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა მათი გვარი, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

"თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ივანიშვილი - ეს სამი გვარი დაასახელა. მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი“,- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.

მისივე თქმით, ვიდრე სოსო გოგაშვილს დააკავებდნენ, 3 დღის განმავლობაში მასაც უთვალთვალებდნენ.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.